„ანაზღაურების სტანდარტები გენდერულად ნეიტრალური უნდა იყოს - ვცდილობთ, ასე იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ კომერციული ბანკებიც ცდილობენ ამას“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თეონა კონტრიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნა.
გენდერული თანასწორობის ბანკებში გაძლიერების საკითხზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2018 წელს შეიმუშავეს ცვლილებები, რაც სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ერთი ქალი წარმომადგენლის ყოლის ვალდებულებას და საბჭოს 20%-ის ქალებით დაკომპლექტებას გულისხმობდა.
„ეს არის პირველი რეგულაცია, რომელმაც საქართველოში ქალთა კვოტირება შემოიტანა. კვოტირებასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული ხედვები. იმ ადამიანებსაც, რომლებიც მიიჩნევენ რომ ქალთა როლი უნდა გაძლიერდეს, ხშირად კვოტირება არ მიაჩნიათ სათანადო ინსტრუმენტად. ჩემი აზრით, კი ეს მექანიზმი ხელს უწყობს ქალების მმართველ რგოლში წარმომადგენლობის გაზრდის პროცესის დაჩქარებას“, - განაცხადა თეონა კონტრიძემ.
შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2017 წლის ბოლოს, აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე, კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში ქალი წევრების რაოდენობა 9%-ს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 27%-ია.
„ბევრი ნაშრომი მოწმობს, რომ როდესაც ქალები სამეთვალყურეო საბჭოში მმართველ პოზიციებზე მუშაობენ, რისკიანობასა და ქალი წევრების წარმომადგენლობას შორის უარყოფითი კორელაცია ფიქსირდება. შესაბამისად, ეს შედეგობრივადაც უკეთესია“ - დასძენს სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.