23 თებერვალს, ინტერპელაციის წესით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა, სადაც მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო გიორგი ვაშაძე, რომელმაც საბანკო სექტორის მოგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კოლოსალური ზრდა ქვეყანაში სხვა სფეროებს არ აქვთ.
კითხვაზე, თუ რამ შეუწყო ხელი კომერციული ბანკების მოგების ზრდას, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის თანამდევი პროცესია.
“გვაკრიტიკებს ბატონი ვაშაძე, რატომ არის ჩვენი ბანკები, ჩვენი საბანკო სისტემა ესოდენ მოგებიანია, იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს, ვიდრე თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის, ჩვენს მსგავს ქვეყნებს და ამიტომაც, ჩვენი ბანკების მოგებიანობა, რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საბანკო სისტემასთან შედარებით, შესაძლოა, ჯერადობით მაღალი იყოს, მაგრამ ეს გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკონომიკური ზრდიდან.
ასევე, არასწორად კეთდება აქცენტი, რომ ეს ეხება მხოლოდ ორი ბანკს. დიახ, ჩვენ გვყავს ორი ლიდერი ბანკი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. მაგრამ, თუ შეხედავთ საფინანსო შედეგებს, ბანკების უმრავლესობა, 99%, მოგებიანია 2023 წლის მაჩვენებლებით - ეს პირიქით, უნდა გვიხაროდეს, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე”, - ამბობს ნათია თურნავა.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური ზრდა კომპანიებსა და მცირე ბიზნესებს ფინანსების საჭიროებას უჩენს, რომელსაც კომერციული ბანკები აკმაყოფილებენ, სესხებზე გაზრდილი მოთხოვნა კი ბანკების მოგებას ზრდის.
2023 წელს ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს