მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორუფციასთან ბრძოლა ჰგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც შავებიც აკეთებენ სვლებს" - გიორგი ონიანი

63df6f1b04ccb
მარიამ დემეტრაშვილი
05.02.23 15:30
664
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა გადაცემაში „ანალიტიკა“ კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანას 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესებული შედეგი აქვს, რეალურად არაფერს ნიშნავს, რადგან ბოლო 10 წელია საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით სტაგნაციაა.

„ერთ დონეზე შევჩერდით ბოლო 10 წელია. ეს აჩვენებს, რომ რეალურად არაფერი იცვლება უკეთესობისკენ, რიცხვებით მანიპულირება კი ძალიან მარტივია. სტატისტიკა და რიცხვები ისეთი რამეა, რომ თუ ამას არ მოაყოლე ხარისხობრივი ანალიზი და სიღრმეებში დეტალურად ჩასვლა, თავისთავად მხოლოდ რიცხვი არაფრისმთქმელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეიტინგში საქართველოსთან მიმართებით კლეპტოკრატია პირველად იყო ნახსენები. დღევანდელ მსოფლიოში კლეპტოკრატია - ეს არის არა მხოლოდ კორუმპირებული ხალხის ყოფნა სათავეებთან, არამედ ის, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს განსხვავებული აზრის შესაზღუდად, ყველა კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ა.შ. ამის მთავარი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა“, - თქვა გიორგი ონიანმა.

მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ცოცხალი პროცესია და მუდმივი მოქმედება აუცილებელია.

„შედარებაა ასეთი: „კორუფციასთან ბრძოლა ჰგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც შავებიც აკეთებენ სვლებს“. ნამდვილად ასეა. კორუფციასთან ბრძოლის ყოველი ნაბიჯის შემდგომ, კორუფცია ადაპტირდება და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ფესვების გადგმას იწყებს. ყოველთვის არის საჭირო დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც არსებული დონე შეინარჩუნო. წინსვლისთვის კი ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი [CPI] გამოაქვეყნა. 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუმჯობესებული შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები