მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლატარიის კომპანიის" მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები შემცირდება

61c3316fea88e
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 18:55
757
დღეს პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს. როგორც აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი, ეს ინიციატივაც დაჩქარებული წესით განიხილებოდა, თუმცა ის არა აზარტულ თამაშებს, არამედ ლატარიას შეეხებოდა. 

ახალი კანონი "საქართველოს ლატარიის კომპანიისთვის" დღეს არსებულთან შედარებით უფრო დაბალ საგადასახადო განაკვეთს აწესებს.

შეცვლილი წესის მიხედვით მოსაკრებელი უნდა დაანგარიშდეს, არა გაყიდული ბილეთების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ გაყიდული ბილეთების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალსა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობიდან.  ამას GGR ეწოდება და ის უშუალოდ კომპანიის მიერ მიღებულ რეალურ შემოსავალს ასახავს. განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, “ლატარიის კომპანიას” გაუჩნდება უფრო მეტი სახსრები იმისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს, თუმცა ის ამასთანავე, კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების შემცირებას გამოიწვევს. 

"მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდგომი წლის განმავლობაში, ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შემცირდება დაახლოებით 20%-ით, თუმცა აღნიშნული შემცირება დაკომპენსირდება შემდგომი წლების განმავლობაში ლატარიის ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ლატარიის ორგანიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა 2024 წლისათვის გაიზრდება, დაახლოებით, 5%-ით, 2025 წლისათვის, დაახლოებით, 15%-ით, 2026 წლისათვის - დაახლოებით, 20%-ით, ხოლო 2027 წლისათვის - დაახლოებით 30%-ით," - ნათქვამია აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში

კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და დაჩი ბერაია არიან. 

საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია ქვეყანაში ლოტოს გათამაშებებისა და მომენტალური გათამაშებების გამართვის ექსკლუზიური ლიცენზიანტია. 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად, კომპანიის მართვას კომპანია "ჯი ენ ელი" ახორციელებს.

"ჯი ენ ელის" 2020 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანია ზარალზეა. დოკუმენტის მიხედვით, ლატარიის კომპანიის შემოსავალმა ყველა კატეგორიის თამაშებიდან 29 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 16.11 მილიონი ლარი მოგების სახით კვლავ მომხმარებლებს დაუბრუნდათ, შესაბამისად კომპანიის წმინდა შემოსავალი თამაშებიდან 12.86 მილიონი ლარი იყო. თუმცა ეს თანხხა ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ იყო, რის გამოც "ჯი ენ ელმა" 10.7 მილიონი ლარით იზარალა. წამგებიანი იყო კომპანიისთვის 2019 წელიც, მაშინ თამაშებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი 12.6 მილიონ ლარს, ზარალი კი 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ლატარიის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 6.88 მილიონი ლარის მოსაკრებლები და საკომისიო ხარჯი გადაიხადა. რეკლამასა და მარკეტინგზე 2.3 მილიონი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები ასევე 2.3 მილიონი იყო, ცვეთა და ამორტიზაციაც 2.3 მილიონს შეადგენდა. ბილეთების ბეჭვდის ხარჯი 0.9 მილიონი იყო, სხვა ხარჯები კი 2.1 მილიონი ლარი. მთლიანობაში ფირმამ 3.7 მლნ ლარის საოპერაციო ზარალი განიცადა, 7 მილიონის ფინანსური ხარჯების შედეგად კი კომპანიის ზარალმა 2020 წელს 10.7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები