მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკის" გენდირექტორის პოზიციას ბექა გოგიჩაიშვილი დაიკავებს

6259a9343f25e
თამთა ჯიჯავაძე
15.04.22 21:14
8786
"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის პოზიციას ბექა გოგიჩაიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ს ბანკიდან მიაწოდეს.

მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 1 მაისიდან ვასილ ხოდელი დატოვებს გენერალური დირექტორის პოზიციას და მას დაიკავებს ბექა გოგიჩაიშვილი. 

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მურთაზ კიკორია მადლობას უხდის ვასილ ხოდელს ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის.

"ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას", - განაცხადა მურთაზ კიკორია.

რაც შეეხება ბექა გოგიჩაიშვილს, მას აქვს 10-წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით. "ბექა Hunnewell Partners Georgia-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და მას შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ლიბერთი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. 2020 წლიდან კი იკავებდა ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. მტკიცედ მჯერა, რომ მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები, ასევე ლიბერთის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება ბანკს. წარმატებას ვუსურვებ ბექას და ლიბერთის მომავალი მიზნების მიღწევაში", - აღნიშნა კიკორიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები