მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

62bc2398367ed
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.22 14:01
3590
სს "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს. 

"ბექა გოგიჩაიშვილს აქვს ფართო გამოცდილება საინვესტიციო მენეჯმენტსა და საფინანსო ინდუსტრიაში. მისი კვალიფიკაცია მოიცავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ანალიტიკას და ბიზნესის განვითარებას. ბექა კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Universal Card Corporation, თიბისი ბანკი, საპარტნიორო ფონდი და Hunnewell Partners (UK) LLP. ბექა იყო პასუხისმგებელი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.

ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს და მას შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ბანკის ხედვის შექმნასა და შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბექა ფლობს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ფინანსებში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი)," - ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სს "ლიბერთი ბანკის" თავმჯდომარე მურთაზ კიკორიამ განაცხადა: „მოხარული ვართ, რომ ბექა გოგიჩაიშვილმა მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება და დღეიდან შემოუერთდება ლიბერთის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ბექას აქვს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობის გამოცდილება, ასევე მონაწილეობდა ბანკის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში, რაც ძალიან ღირებული ფუნდამენტია ახალი ლიბერთის ზრდისა და მომავალი წარმატებისთვის".

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა "ლიბერთი ბანკის" ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა: „ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე, პასუხისმგებლობაა შევუერთდე ლიბერთის კომპეტენტურ და ძლიერ გუნდს. გასულ წლებში დაიწყო ლიბერთის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი, ახალი სტრატეგიული ხედვის განხორციელება და ბანკის წამყვანი, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის პოზიციაზე განმტკიცება.

გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ზრდა, დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში და ვიყოთ ყველა ოჯახის ფინანსური პარტნიორი საქართველოში".

"ლიბერთი ბანკი", ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები