მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიცენზიის მოპოვება რთული იქნება" - რა გამოწვევებს ხედავს EU-ს ტენდერებში ქართული ბიზნესი?

62e0153c08228
BM.GE
26.07.22 22:30
1010
ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს. ამ ეტაპისთვის მათ სერვისის და მომსახურების მიწოდება შეზღუდული აქვთ. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ასოცირების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად დროულად დაუახლოებს საქართველო შესყიდვების კანონმდებლობას ევროკავშირის ნორმებს.

მას შემდეგ, რაც ასოცირების საბჭო EU-ს ტენდერებში სერვისისა და მომსახურების გამწევი ქართული კომპანიების მონაწილეობას დაუშვებს, ამ შესაძლებლობის გამოყენება შეეძლებათ მათ შორის ინფრასტრუქტურულ კომპანიებსაც. "რეფორმას" გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი თვლის, რომ ქართული ბიზნესისთვის ყველაზე რთული ევროპის ტერიტორიაზე საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება იქნება.

„პოზიტიური სიახლეა. ეს არის ის მიმართულება, რომელიც კარებს გვიხსნის ძალიან დიდ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ამას სირთულეებიც ექნება, ვინაიდან როგორც იცით ევროგაერთიანება ცნობილია თავისი რეგულაციებით, ლიცენზირებით და ა.შ ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სფეროებს, როგორც სამშენებლოა, რადგან მომეტებული რისკის სფეროა. აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი მოთხოვნებია, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვეცოდინება რომ ეს პერსპექტივა გვაქვს, იქნებიან კომპანიები, რომლებსაც ამ ლიცენზიების მოპოვების ინტერესი ექნებათ.

ვფიქრობ, უფრო რთული სწორედ იქნება ლიცენზირების მოპოვება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან ევროპის ტერიტორიაზე. რაც შეეხება გამოცდილების სიმწირიდან გამომდინარე რომ გარკვეულ ტენდერებში ვერ შევალთ, ეს ასეა დღეს საქართველოში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მთლიან ბაზარზე გვეძლევა წვდომა, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ თუ შევდივართ 5-10-მილიონიან ტენდერში, 15-20 მილიონ ევროიან ტენდერებში შევალთ იქაც.

ვფიქრობ, მთავრობაზე მეტად ევროგაერთიანება უნდა დაეხმაროს კომპანიებს და ტექნიკური დახმარება გაუწიოს ლიცენზირების გავლაში“, - აცხადებს „რეფორმას“ გენერალური დირექტორი.

დიდ შესაძლებლობასთან ერთად მთავარ გამოწვევას სატენდერო პირობების დაკმაყოფილებაში და საფინანსო სფეროსთან თანამშრომლობაში ხედავს „ბლექს სი გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც.

„ეს არის დიდი ასპარეზი ბიზნესისთვის. სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან იგივეა ექსპორტზე გაიტანო შენი შესაძლებლობები. ეს ფინანსური შემოდინებების წყაროცაა ქვეყნისთვის, თუმცა ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეგულაცია, ყველა ტენდერს აქვს ლოკალური პირობები, რაც იქნება ერთ-ერთი გამოწვევა.

მეორე მთავარი გამოწვევა იქნება საბანკო დაფინანსება. ნებისმიერ ტენდერში რომ მიიღო მონაწილეობა, კომპანიას სჭირდება საბანკო გარანტია, მონაწილეობის საბანკო გარანტია მაინც. აქ სახელმწიფომ საბანკო სფეროსთან ერთად უნდა შეიმუშაოს გეგმა, თანადაფინანსებით უნდა მოხდეს რომ ბანკი წამოგყვეს და ევროპული გარანტია მოგვცეს, რასაც იქაური ქვეყანა მიიღებს.

მნიშვნელოვანია გამოცდილებაც, რამდენად არიან მზად კომპანიები ევროპაში იმუშაონ მათი წესებით. ჩვენს კომპანიას აქვს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება. მაკედონიაში დავასრულეთ პროექტი, სკოპიეს აეროპორტის პროექტი განვახორციელეთ, რა დროსაც იყო გარკვეული წინაღობები ადგილობრივი ხელისუფლებისგან. დაგვჭირდა აქედან საბუთების წაღება და იქ მისი აღიარება. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სირთულე. აქ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ძალიან მაღალი. ტრენინგების დონეზე მაინც უნდა ავუხსნათ კომპანიებს, რა შეიძლება იქ დახვდეთ“,-აცხადებს გოგა კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები