მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლირას გაუფასურებას ლარზეც აქვს გავლენა" - ინტერვიუ IMF-ის წარმომადგენელთან

5f6dc2809c30e
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
25.09.20 14:20
1455
საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და ინფლაციის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ლარის გაუფასურებაზე გავლენა არაერთ ფაქტორს აქვს, მათ შორისაა იმპორტის მოცულობის შედარებითი ზრდა და ასევე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურება. არსებულ ვითარებაში IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი ამბობს, რომ სებ-ის მიერ ლარის სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში გაუფასურებიდან მომავალი ინფლაციური წნეხის შეკავებაში მდგომარეობს. ამასთან, ჩაკირი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ინტერვენციების შესახებ გადაწყვეტილებებს მის შესაბამისად იღებს. 

ინტერვიუ სელიმ ჩაკირთან

- როდესაც გაურკვევლობაზე ვსაუბრობთ და თქვენც აღნიშნეთ, რომ გაურკვევლობის დონე ამ დრომდე საკმაოდ მაღალია - ბიზნესი ამბობს, რომ ამ გაურკვევლობას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ლარის გაუფასურება, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გესმით თუ არა ბიზნესის ლოგიკა და რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ რეზერვების გაყიდვის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს ამ მიმართულებით ბიზნესისთვის პროგნოზირებადობის გაზრდას?

- ეროვნული ბანკი იმდენად ცდილობს კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას, რამდენადაც გაუფასურებას გავლენა აქვს ინფლაციაზე. დღეს კურსის გაუფასურებას, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორი იწვევს - შიდა მოთხოვნა უმჯობესდება, რასაც გარდაუვლად მოჰყვება იმპორტის გარკვეული ზრდაც. საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასაც ვადევნებთ თვალს და იქაც, ლირა უფასურდება, რასაც გარკვეული გადადინების ეფექტი ლარზეც აქვს. ამას ემატება ის გაურკვევლობაც, რაც არჩევნებს უკავშირდება - თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვთქვათ იგივე გადმორიცხვები, რაც ჩვენთვისაც ცოტა მოულოდნელი იყო, ზრდას განაგრძობს; დონორების დახმარებაც ადგილზეა და ამ დახმარების შემოდინებაც გაგრძელდება - ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალიან კარგად ემსახურება მცურავი გაცვლითი კურსი - მას შოკის შემწოვის ფუნქცია აქვს. თუ შევხედავთ, საქართველოს ეროვნული ბანკიც - განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით - საკმაოდ აქტიურია, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რყევა გაცვლით ბაზარზე - ინტერვენციები უფრო ხშირია და ასევე, სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო სწორედ ლარის კურსის მერყეობა და ინფლაციაზე გაუფასურების შესაძლო გავლენაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა. საუკეთესო თავდაცვა ამ შემთხვევაში ლარში სესხებაა და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორი იყო, როცა ის ცდილობდა რეგულირების სხვადასხვა გზით შეემცირებინა დოლარიზაციის ხარისხი. დიახ, ეს მტკივნეული პერიოდია ბიზნესისთვის და მათი მხარდაჭერა უნდა მოხდეს საბიუჯეტო სახსრებით და მთავრობა ამ კუთხით აქტიურია. მაგალითად, გააფრთოვა საკრედიტო-საგარანტიო სქემა - მესმის, რომ ბიზნესი ამ ეტაპზე არ იყენებს მას აქტიურად, მთავრობა დღეს კონსულტაციებს გადის ბანკებთან, რომ შეცვალოს სქემის დიზაინი ისე, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს კერძო სექტორისთვის. ხდება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების შემთხვევაში. საკმაოდ ფართო მხარდაჭერის პაკეტი მიიღო სამშენებლო სექტორმაც - ცნობილი 4%-იანი სუბსიდია ლარში აღებულ სესხებზე - და თუ საჭიროება კიდევ იქნება, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან ბიუჯეტში ამის სახსრები არსებობს.

- კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინტერვენციების სახით ეროვნულმა ბანკმა შეიძლება 200 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯოს. ამ დრომდე ის 40-40 მილიონ ამერიკულ დოლარს ყიდის. რეზერვების გაყიდვის ეს პოლიტიკა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან? ეროვნული ბანკი რაიმე ტიპის გეგმას მიჰყვება თუ სრულად დამოუკიდებლად იღებს ამ გადაწყვეტილებას?

- დიახ. პროგრამით ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საერთაშორისო რეზერვების სამიზნე მაჩვენებელი. ის ძირითადად ეფუძნება საგადამხდელო ბალანსის ჩვენს პროგნოზს და ამის საფუძველზე დგება ლიმიტები. უფრო დეტალურად თუ შევხედავთ ამ ლიმიტებს, ის ეროვნულ ბანკს უტოვებს მაღალი მოქნილობის შესაძლებლობას და ეროვნული ბანკი იყენებს ამას. თუ არ ვცდები, მარტიდან მოყოლებული, გაყიდული საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოდნავ ჩამოუვარდება 500 მილიონ ამერიკულ დოლარს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ უპრეცედენტო დროში გვიწევს ოპერირება და ამ დოზით ინტერვენცია ცენტრალური ბანკის მხრიდან აქამდე არ განხორციელებულა. ამდენად, ეროვნული ბანკი ბაზარს ძალიან ყურადღებით აკვირდება და როცა საჭიროა, იყენებს ამ ინსტრუმენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები