მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღალი გადასახადები, საგრანტო პროექტების არარსებობა" - რა გამოწვევებია სიდრის წარმოების სექტორში?

63eb6c02c9b19
თინათინ ნატმელაძე
15.02.23 09:59
911
მსუბუქი ალკოჰოლური სასმლის, სიდრის წარმოება საქართველოში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, როგორც სიდრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი ჭეიშვილი BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაციით სექტორისთვის ხელშესაწყობად ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება და ამ სფეროს განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის შემდეგ საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობის სიდრის ექსპორტი 2022 წელს განხორციელდა და პროდუქტის რეალიზებით ქვეყანამ 161 000 დოლარის ოდენობის თანხა მიიღო, როცა 2021 წელს ეს თანხა 73 000 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება იმპორტს, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის სიდრი 2022 წელს შეიძინა და ქვეყნიდან გასულმა თანხამ 507 000 დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი ეს მონაცემი 237 000 დოლარს მოიცავდა.

სიდრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და ასევე სიდრის ერთ-ერთი მწარმოებელი გიორგი ჭეიშვილი BM.GE-ს სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ უყვება და აღნიშნავს, რომ მთავარი სირთულე სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების არ არსებობა და მაღალი სააქციზო გადასახადებია.

„მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ ჰქონდა „აწარმოე საქართველოს" 30 000 ლარიანი გრანტი გამოყოფილი სიდრის მწარმოებლებისთვის, თუმცა ამის შემდეგ არანაირი სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამა არ შექმნილა.

ჩვენთვის, როგორც დამწყები სექტორისთვის, მნიშვნელოვანი იქნებოდა საჭირო ტექნოლოგიის შესაძენად საგრანტო კონკურსების არსებობა, სიდრის ბაღებისა და ვაშლის სუბსიდირება. ამჟამად არსებული არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა ჩვენთვის არახელსაყრელია, რადგან ის უფრო მეტად ისეთ დიდი წარმოებებზეა გათვლილი, რომლებიც 100 ტონაზე მეტ ვაშლს იბარებენ, ჩვენნაირ მცირე საწარმოს კი იმდენად დიდი ხარჯი აქვს ამ პროგრამაში მონაწილეობით, რომ არ გვიღირს.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა მაღალი სააქციზო გადასახადიც - თუ ისეთ სასმელს ამზადებ, რომლის ალკოჰოლის შემცველობაც 5%-ზე ნაკლებია, ერთ ლიტრზე გადასახადი 60 თეთრია, ხოლო როცა 5%-იანს და უფრო ზემოთ აწარმოებ, ერთ ლიტრზე გადასახადი 5 ლარია და თუ სიდრს ველური საფუარით, ნატურალურად აწარმოებ, აუცილებლად ექნება 5%-ზე მაღალი ალკოჰოლური შემცველობა, რაც პროდუქტს საგრძნობლად გვიძვირებს. იგივე პრობლემა არ აქვს ღვინოს, რადგან სახელმწიფომ ხელი შეუწყო და ჩვენი, ასოციაციის სურვილიც ესაა, რომ სახელმწიფომ შექმნას ისეთი სერვისები, რომელიც ამ გადასახადებს შეღავათიანს გახდის, ისე როგორც მოხდა ინგლისსა და ამერიკაში და განვითარდა სექტორი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ამ სექტორის განვითარებისთვის, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჭეიშვილი უკვე ექვსი წელია ქართულ სიდრს თბილისში არსებულ ქარხანაში აწარმოებს, წლიურად 5-10 ტონას გადაამუშავებს და ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაცაა, ამ ეტაპზე დაინტერესება აქვთ ინგლისიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და საფრანგეთიდან, მომავალი წლისთვის კი ამ ქვეყნების ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებას გეგმავენ.

ქარხანაში მუდმივად სამი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ჩამოსხმისა და დაბოთვლის პროცესში მათი რაოდენობა იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები