თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, 2021 წლია 1 იანვრიდან ქვეყანაში მორიგი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი და აქსესუარი დახლზე და ვიტრინაზე ხილულად ობიექტის შიგნითაც ვეღარ გაიყიდება.
თამბაქოს ინდუსტრია აცხადებს, რომ ცვლილებები განსაკუთრებით მძიმედ რითეილ სექტორს დააწვება, რადგან ინდუსტრია მაღაზიებს კონტრაქტის საფუძველზე გარკვეულ თანხას უხდის იმაში, რომ მათი პროდუქტი თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული.
JTI-ს კორპორატიული დირექტორი ივა ხასია განმარტავს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს მაღაზიებთან დადებული კონტრაქტების გადახედვა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღზიები დაკარგავენ იმ თანხას, რასაც თამბაქოს კომპანიები მათ უხდიან.
როგორც თამბაქოს ინდუსტრია, ისე რითეილ სექტორი პანდემიის გავლენით შექმნილი კრიზისული ფონის გათვალიწინებით მთავრობას რეგულაციის გადავადებას სთხოვს.
"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდეს ამ მარეგულირებელი ნორმის დროში გადავადება. თუ ის მაინც არ გადავადდა, სამწუხაროდ, მოგვიწევს კონტრაქტების გადახედვა, კონტრაქტების გაუქმება და დამატებითი სახსრების ამოღება პირდაპირ ეკონომიკიდან. კონტრაქტებით, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენ და თამბაქოს სხვა კომპანიებს აქვთ მაღაზიებთან, მათ შორის თანხებს ვიხდით იმაში, რომ ჩვენი პროდუქტი განთავსებული იყოს ხილულად. როგორც კი საკანონმდებლო ნორმა ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეს თაროები დაიხურება და შესაბამისად, დაინტერესება, რომ თანხა გადავიხადოთ, რათა ჩვენი პროდუქტი განთავსებული იყოს კარგ ადგილას, ავტომატურად ქრება“, - აცხადებს JTI-ს კორპორატიული დირექტორი ივა ხასია.
ჩანაწერი კანონში:
მუხლი 5: აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:
ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა).