ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ჟუჟუნა” ექსპორტზე გავიდა.
კომპანიამ შანხაიში სატესტოდ 4 000 ბოთლი “ჟუჟუნა” გაგზავნა, უახლოეს პერიოდში კი 14 000 ბოთლი გაიგზავნება. “ჟუჟუნამ” ექსპორტი იაპონიის, კერძოდ, ტოკიოს მიმართულებითაც განახორციელა და ამ ბაზარზე 12 500 ბოთლი ცქრიალა ღვინო გაიტანა.
როგორც bm.ge-ს “ჟუჟუნას” თანადამფუძნებელმა ვასკა ჩუბინიძემ განუცხადა, კომპანია გერმანიაში ფესტივალზეც იმყოფებოდა, სადაც “ჟუჟუნათი” უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტის ქსელი დაინტერესდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოლაპარაკებები გააჩერა. მისივე თქმით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე საცალო გაყიდვებისა და ჰორეკა მიმართულებითაც გაფართოვდება.
“ჯერჯერობით ექსპორტი იაპონიისა და ჩინეთის მიმართულებით განვახორციელეთ. მალე შანხაიში დამატებით 14 000 ბოთლი გაიგზავნება. ახლა ამ ბაზრებს ვაკვირდებით, გვაინტერესებს როგორ იმუშავებს და ა.შ. გერმანიაში საექსპორტო კონტაქტების დამყარების მიზნით ფესტივალზეც ვიყავით. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელთან, მაგრამ ომის გამო შეჩერდა.
ადგილობრივ ბაზარზე პანდემიის გამო რთული პერიოდი გამოვიარეთ, რადგან ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ჰორეკა სექტორი იყო, ეს მიმართულება კი პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა უკვე პანდემიაც დასასრულს უახლოვდება, ამინდებიც გამოდის, შესაბამისად ეს გაყიდვებზეც დადებითად აისახა. ვგეგმავთ, როგორც საცალო გაყიდვების, ასევე ჰორეკა მიმართულებითაც გაფართოებას”, - ამბობს “ჟუჟუნას” თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის: ცქრიალა ღვინო “ჟუჟუნა” გაყიდვაში 2018 წლიდან ჩაეშვა. კომპანიის თვიური წარმადობა 9 ტონა ცქრიალა ღვინოა.