მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარგებელი" ჰოლდინგი გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

60a915737e6a1
BM.GE
22.05.21 18:29
2540
უკვე რამდენიმე დღეა, რაც „ნაბეღლავის“, „ბახმაროს“, „ჯეო ნატურას“, „რაუხის“ წვენების და „ბუღას“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ასევე გაფიცულები არიან ჰოლდინგის სადისტრიბუციო კომპანიის „ენგადის" თანამშრომლებიც. 

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია ,,წყალი მარგებელის" მფლობელი კომპანია "მარგებელი ჰოლდინგი" გაფიცულ თანამშრომლებთან არსებული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მათი თითოეული ნაბიჯი სამართლებრივად გამართული იყოს. ამასთან, "მარგებელის" განცხადებით, 2020 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებულად რთული იყო და მათ პანდემიური კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადეს. 

"მარგებელი“ ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, სს „წყალ მარგებელსა“ და შპს „ენგადში“, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში. ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

პარალელურად, ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოლდინგის გადასარჩენად, მითუმეტეს, რომ რთული 2020 წელი ჰოლდინგმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დასაქმებულთა წინაშე არსებული ვალდებულებები სრულდებოდა და სრულდება შეუფერხებლად.

გვინდა მადლობა მოვახსენოთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და მიუხედავად არსებული ვითარებისა, განაგრძობს მუშაობას.

ხოლო რაც შეეხება ჩვენს იმ თანამშრომლებს, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებითაც შექმნილია აღნიშნული ვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რათა ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადავწყვიტოთ ყველა განსახილველი საკითხი ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები