მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმძიმესი ვითარება იანვარ-თებერვალში დაიწყება" – ჭუმბურიძე

5f846da962b32
ინგა მურუსიძე
12.10.20 22:20
1672
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელი, სანდრო ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ მართალია საქართველოში კრიზისი უკვე არის, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი იანვარ-თებერვალში დაიწყება.

ჭუმბურიძემ bm.ge-სთან საუბარში არსებულ ვითარებაში მთავრობის ხედვები შეაფასა და თქვა, რომ საქართველომ ლიტვა, ლატვია, ესტონეთის მაგალითებით უნდა იხელმძღვანელოს:

„უნდა ავიღოთ საშუალო ქვეყნების მაგალითი, როგორ დაეხმარნენ მცირე და საშაულო ბიზნესს. ეს ის მოდელია, როცა პრაქტიკულად უმუშევრობის ზღვარზე დარჩენილი ადამიანები ლიტვაში დააფინანსეს და სუბსიდირება გაუკეთეს, თუნდაც რამდენიმე თვით. დღეს საქართველოში კრიზისი დაწყებულია, მაგრამ უარესი დაიწყება იანვარ-თებერვალში. ეს იქნება უმძიმესი პერიოდი გადასატანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ვერ დადგება მცირე და საშუალო ბიზნესი ფეხზე, თუ მთავრობამ სუბსიდირება არ გაუკეთა, სწორედ იმ თანხების ხარჯზე, რომელიც ჩვენ ავიღეთ გრძელვადიანი კრედიტის სახით. რეალურად, ეს თანხები იმდენად სწორად უნდა იყოს გაანგარიშებული, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს მცირე და საშუალო ბიზნესების ხარჯები“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება მთავრობის მიერ უკვე გაკეთებულ შეღავათებს, რომელთა უმრავლესობას საარჩევნოდ გასდის ვადა.

„ვეკითხები ჩვენს ბიზნეს კომპანიებს, იგივე დახმარებაზე, სუბსიდირებაზე და ა.შ. ეს ნამდვილად არ ჩანს. ძალიან ლოგიკურად, ზუსტად და ზედმიწევნით უნდა იყოს ხარჯები გათვლილი, რაც ბიზნესზე იხარჯება. მე მაგალითად არ ვიცი რაზე დაიხარჯა კოვიდ ფონდის შემოსავლები. შევთავაზეთ მთავრობას, შექმნილიყო ერთიანი საბჭო და ეს ყოფილიყო თუნდაც ერთწლიანი პროექტი, ამ დროში ბიზნესს და მთავრობას ერთად უნდა გვემუშავა. ეს უმარტივესი გასაკეთებელია და ამით სიტუაციის გამოყვანის შანსი არის“, - ამბობს ჭუმბურიძე.

კითხვაზე, რა შეღავათების გაწევა წარმოუდგენია მას და რა სახის მხარდაჭერა არის საჭირო ოქტომბრის შემდეგ, ჭუმბურიძე პასუხობს, რომ ე.წ. დახმარების პაკეტს უნდა დაემატოს მინიმუმ რამდენიმე პუნქტი და უნდა გაძლიერდეს.

„საშუალება არის, რომ რაღაც გააკეთო, მაგრამ ვერ კეთდება. კოვიდთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება პრობლემებთან. არაფერი მოხდება, თუკი შევა ცვლილებები კოდექსში ერთწლიან შეღავათებზე. შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის თუნდაც 6 თვით გამოთავისუფლება ყველანაირი გადასახადისგან. თუ ბიზნესი დაიხურა, სახელმწიფო ვერც ერთ თეთრს ვერ მიიღებს მკვდარი ბიზნესისგან, ამიტომ იმისთვის, რომ არ დაიხუროს, შეღავათი უნდა მისცე. დიდ ბიზნესს ვერ დაუწესებ შეღავათს, მაგრამ ბიზნესს, რომელსაც 5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, უნდა დაეხმარო. ყველა მცირე ზომის კომპანიას დღეს პრობლემა აქვს“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები