„ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, 2024 წლის ბოლოს გაიხსნება“, - ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს, რადგან ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პერსპექტივები იშლება. მისივე თქმით, რომ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სავარაუდოა, რომ საუბარი საქართველოს კანდიდატობის სტატუსის შესახებ მინიმუმ 7-8 წელი არ იქნებოდა.
„საქართველოს მოსამზადებელი პერიოდი უნდა ჰქონდეს, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ სად არის საჭირო რეფორმების ჩატარება. სწორედ აქ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ ვინ, როგორ შესთავაზებს საზოგადოებას რეფორმების განხორციელებას, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის გაიხსნას.
რაც შეეხება, თუ რას გვაძლევს ეს სტატუსი, პირველ რიგში ყოველწლიურად ევროკავშირისგან 100 მლნ ევროს ვიღებთ. რისი გაზრდაც განუსაზღვრელად შეგვიძლია, თუ სწორად, მიზანმიმართულად, დასაბუთებულად წარვუდგენთ საჭიროების მიზეზებს.
მეორე, ეს არის განუსაზღვრელი რაოდენობით დაფინანსება რეფორმებისთვის, რაც დასჭირდება ქვეყანას რეფორმებისთვის. ეს იქნება თანხები, რომელსაც ევროკავშირიდან მივიღებთ. რაც საჭიროა დემოკრატიის განვითარებისთვისა და ქვეყნის სტაბილურობის განვითარებისთვის.
და მესამე - შუა კორიდორის 7 ქვეყანასთან მიმართებით, საქართველო უპირატესობაშია, რასაც მისი სტატუსი განაპირობებს. ამ უპირატესობას კი, განსაკუთრებით სომხეთი და აზერბაიჯანი ყურადღებით აკვირდება“, - აცხადებს ჭუმბურიძე.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ცნობით , მნიშვნელოვანია შუა კორიდორის გაძლიერებაზე მეტი მუშაობა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებით, შუა კორიდორის 6 ქვეყანასთან მიმართებით ე.წ ფლაგმანი გახდეს, რისი შანსიც გაზრდილია.
ჭუმბურიძის მტკიცებით, საქართველო ევროპულ განზომილებასთან დამაკავშირებელია, რის საშუალებასაც შავი ზღვა იძლევა, რაც ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ამასთან, შუა კორიდორი საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება, რომ ევროპასთან კონტაქტები გააძლიეროს.