მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაინტერესებულები ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან“ – კენან პოლეო შუა კორიდორის პერსპექტივაზე

კენან პოლეო

გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო კომისარი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კენან პოლეო, წინა კვირას, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.

„ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლეომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობად შუა კორიდორის პერსპექტივა და დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები დაასახელა.

„ვიცი, რომ აქ დიდი აქცენტი კეთდება რკინიგზაზე და შუა დერეფნის ქსელის აწყობაზე – ამ ნაწილში მართლაც არის შესაძლებელი გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობების ათვისება – ტრანსპორტი, საქონლის მიმოსვლა – სფეროების მთელი სპექტრი, სადაც საქართველოს შეუძლია ინოვაციის შემოტანა და ამ ახალი პროდუქტებითა და სერვისებით ლიდერობა“ – ამბობს გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის რეგიონალური კომისარი.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ჩაკითხვას იმასთან დაკავშირებით, მიაჩნია, თუ არა შუა კორიდორი კომერციულად მიმზიდველ წინადადებად – გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის რეგიონალურმა კომისარმა პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ შუა კორიდორმა იმ გამოწვევას უპასუხა, რომელსაც მთელი მსოფლიო შეეჩეხა.

„ყველამ გამოვცადეთ საკუთარ თავზე ეს შოკები, რაც უკავშირდება არა მხოლოდ ომს უკრაინაში, არამედ, – უფრო ადრეც – კოვიდს. მიწოდების ჯაჭვები უცებ, მთლიანად მოირღვა.

ამდენად, ვფიქრობ, ყველა ძალიან სერიოზულად დაფიქრდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ნაწილში მეტი მედეგობა იყოს უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით, შუა კორიდორი საკმაოდ შთამბეჭდავი შეთავაზებაა – ამბობს კენან პოლეო „ანალიტიკა“–სთან – ჩვენ ვართ დაინტერესებულები ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს საბოლოოდ ამ შეთავაზებამ და როგორ შეგვიძლია ჩვენ წარვმართოთ დიალოგი ისე, რომ მიწოდების ჯაჭვების მედეგობა რეალობად ვაქციოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები