მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სტატუსის მიღება მცირე და მსხვილი ბიზნესის განვითარებასა და სტაბილურობას ნიშნავს - ზვიად ჭუმბურიძე

645385240247d
გიგა ბენია
04.05.23 14:21
470
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანმა ბიზნესასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერა.

EUGBC-ის გენერალური მდივნის, სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, ბიზნეს გაერთიანებების მოთხოვნაა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მოთხოვნა საქართველოს მთავრობასა და ბრიუსელს გადაეგზავნება.

„9 ბიზნეს ასოციაცია ერთიანი ხმით ვუერთდებით მოთხოვნას, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ასეთი ერთიანი ხმა, რომელიც შემდეგში ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას გაეგზავნება, დამატებით დადებით ნაბიჯს ნიშნავს ბიზნესის მხრიდან. რაც შეეხება ტექსტის შინაარს, მასში ასახულია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ეს არის პოლიტიკური და მნიშვნელოვანი აქტი. სტატუსის მიღება თავისთავად ნიშნავს დამატებითი უპირატესობების მიღებას ევროკავშირისგან და როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესის განვითარებასა და სტაბილურობას", - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.


BMG-ის კითხვაზე, რამდენად მაქსიმუმს აკეთებს საქართველოს მთავრობა სტატუსის მისაღებად, ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა:

„მოცემულობა არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღასრულოს ხალხის ნება. მოსახლეობის უმრავლესობა კანდიდატის სტატუსს ითხოვს და ბიზნესიც ამ მოთხოვნას უერთდება. ქვეყანაში არა მხოლოდ 12 პუნქტი, არამედ ყველა ის მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სივრცესთან დაახლოებას ეხება".

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა ბიზნეს ასოციაციებმა: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები