საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმდინარე წლის 8 მარტის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ 2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული.
"ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.
მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში", - წერია განცხადებაში.