დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა საქართველომ კოვაქს-პლატფორმაზე ადრე, პირდაპირ მიიღოს ვაქცინა. განცხადება იმნაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თვითონ კოვაქს-პლატფორმაზე შეიძლება იყოს 5-7 ვაქცინა. წინმსწრებად იქაც მეტი გვაქვს გადახდილი, რათა შევძლოთ ამორჩევა ვაქცინებს შორის. გარდა ამისა, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან, რომ უფრო ადრე იყოს მოწოდებული ვაქცინა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კონკრეტულად ვისთან აწარმოებს ქვეყანა მოლაპარაკებებს იმნაძეს ამის შესახებ არ უსაუბრია.
როგორც ცნობილია, საქართველოს ვაქცინაციისთვის 17 მილიონი დოლარი აქვს გათვალისწინებული. აქედან 4 მილიონი დოლარი ქვეყანამ უკვე გადარიცხა კოვაქს პლატფორმაზე.




























