ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „მოდერნასთან“ და „ჯონსონ & ჯონსონთან“ დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები „აღარ განვითარდა“.
„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს სამ ვაქცინაზე. ესენია - „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“. რაც შეეხება „ჯონსონ & ჯონსონს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს „კოვაქსის პლატფორმის“ საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონ & ჯონსონთან“ დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - რა პირობები არ იყო მისაღები, თამარ გაბუნიამ 2 მიზეზი დაასახელა.
„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის და მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში არის“ , - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმითვე, „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულებულია. ასევე, როგორც ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ მედიას უთხრა, უახლოეს დღეებში ელიან „ასტრაზენეკას“ გარკვეულ დოზებს. „დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფისგან“ რომ დაპირებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები რამდენიმე დღეში შემოვა“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.




























