მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდი ტვირთი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაა"

6423114c9d4b6
ალა ისპირიანი
28.03.23 20:15
524
ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი რეგულაციები მზადდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ფარმაცევტული სექტორის ახალ მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეგულირების ქვეშ არ ექცეოდა, ფასები გაზარდეს. სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებას, რაზეც პასუხი რამდენიმე თვეში მოკვლევის დასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს. მანამდე სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს.

სახელმწიფოსა და ფარმაცევტულ ბიზნესს შორს ასეთი ფორმით კომუნიკაციას, აკაკი ზოიძემ BMGT-ის გადაცემა #წერტილში, სისტემის მცდელობა უწოდა, რომ მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე დანახარჯები შემცირდეს.

"სისტემის მცდელობაა მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ცვლილებებს, რომელიც შეამცირებდა იმ ტვირთს, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ მედიკამენტების გამო. ამ რეფორმას აქვს პოტენციალი შეამციროს და უკვე 2022 წელს შეამცირა კიდეც.

ყველაზე დიდი ტვირთი, ყველაზე დიდი კატასტროფული გამაღარიბებელი ტვირთი არის, ადამიანი ყოველდღიურად რომ ყიდულობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტს და ამ ადამიანებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მედიკამენტი იაფი იყოს. მაგალითად სახის საცხებს, რომელიც ერთჯერადად საყიდელია და არა ყოველდღიურად, ჯობია ცოტა კიდეც გაძვირდეს, ვიდრე ის მედიკამენტები, რაც ყოველდღიური შესაძენია.

ჩემი აზრით, ეს იყო გაფრთხილება სახელმწიფოს მხრიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის და მე მგონი გაიგებენ, - ამდენი გამოცდილება დააგროვეს, რომ გაიგონ", - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებასა და ფასწარმოქმნის ნაწილში ე.წ. „კარტელური გარიგების“ მიმართულებით. BMG-ის ინფორმაციით, კომპანიები რომელთა მიმართ მოკვლევა დაიწყო, “გეფა”, “ავერსი-ფარმა”, “პსპ ფარმა” და “მერმისია”. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკურენციის კანონის დარღვევა დაუმტკიცეს, კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიისთვის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობის თანხის დაკისრებას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები