მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი პრობლემა რეალიზაციაა" - ჩაის მწარმოებელი ადგილობრივი ბაზრის გამოწვევებზე

630f39060414e
მარიამ იზორია
31.08.22 21:50
572
გურიაში მდებარე ჩაის საწარმო „აკეთს“ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები აქვს. როგორც „აკეთის“ დამფუძნებელი სერგო გაგუა bm.ge-სთან აღნიშნავს, გურიაში ჩაის პოპულარიზაციის კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, მათ შორის ტარდება ფესტივალები, თუმცა ეს პროდუქტის გასაყიდად საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოება მარკეტებში ვერ აღწევს, რადგან იმპორტირებულ, იაფიან და დაბალხარისხიან ჩაის კონკურენციას ვერ უწევს.

სერგო გაგუა იმასაც ამბობს, რომ კონკურენციის გასაწევად, ქართული მეწარმეებისთვის მეტი ხელშეწყობაა საჭირო.

„მთავარი პრობლემა რეალიზაციაა. ბევრი ფესტივალი ჩატარდა გურიაში, პოპულარიზაციის კუთხით ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ძირეული ცვლილებები არ არის. ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულს. მომხმარებელიც უფრო იაფიანს ეტანება, ხარისხს არ აქცევს ყურადღებას.

საჭიროა, რომ ქართული ჩაის პოპულარიზაცია დაიწყოს, მათ შორის, რეკლამირებით, ხალხში ქართული ჩაის ხარისხზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. კარგი იქნება თუ „დღგ“-ს მოგვიხსნიან. იმისათვის, რომ ღირსეულად დავხვდეთ კონკურენტებს, ჩვენი გაძლიერებაა საჭირო“, - განმარტავს მეწარმე.

რაც შეეხება ექსპორტს, „აკეთის“ დამფუძნებლის თქმით, ინტერესი არის, თუმცა იმისათვის, რომ მოცულობის მხრივ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რამდენიმე მეწარმე უნდა გაერთიანდეს.

„თუ რამდენიმე მეწარმე არ გავერთიანდით, ექსპორტი გაგვიჭირდება. ახლაც ვმუშაობთ, რათა ერთი სტანდარტის ჩაი ვაწარმოოთ და ერთად გავიტანოთ ექსპორტზე“, - აღნიშნავს ის.

ინფორმაციისთვის, სერგო გაგუა, გურიაში, სოფელ აკეთში ჩაის 4 ჰექტარ პლანტაციასა და საწარმოს ფლობს. კომპანია ჯამში 2 ტონა პროდუქტს აწარმოებს. „აკეთის“ ასორტიმენტი შავ და მწვანე ჩაის მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები