მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზარდია სამუშაო ძალის უნარებსა და ბიზნესის საჭიროებებს შორის აცდენა" - EIB და EBRD საქართველოზე

61af81208b50e
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.21 19:46
785
"მზარდია სამუშაო ძალის უნარების აცდენა ბიზნესის საჭიროებებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად იქცა," - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში.

94-გვერდიან დოკუმენტში საუბარია განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, რამაც ქვეყანაში ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მიმოხილვაში საუბარია საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივაზეც, რომელსაც განათლების რეფორმის და მასში მშპ-ის არანაკლებ 6%-ის ინვესტირების ინიციატივა ჰქონდა, თუმცა როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, 2019 წელსვე სამთავრობო კაბინეტის ცვლილებების შედეგად, ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა.

“მზარდია სამუშაო ძალის უნარების აცდენა ბიზნესის საჭიროებებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად იქცა. სამუშაო ძალის უნარების გასავითარებლად, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს განათლების სისტემაში არსებულ სისუსტეებს. უნდა გაძლიერდეს ტექნიკური და IT განათლების და პროფესიული გადამზადების სისტემები. საქართველოში პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება იყოს მიქცეული მოქალაქეთა ფართო ფენების ეკონომიკური ჩართულობის საკითხების მიმართ, მათ შორის გენდერული თვალსაზრისით, არსებულ არათანაბარ მდგომარეობასა და რეგიონული თვალსაზრისით არსებულ განსხვავებებს.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებში არსებულ ჩამორჩენას შეუძლია ხელი შეუშალოს ციფრული ეკონომიკის პირობებში ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობებს.

2019 წელს ხელისუფლებამ წარმოადგინა მინიმალური ჭერი, რომ 2022 წლიდან განათლებაში მინიმუმ მშპ-ის 6% უნდა ჩადებულიყო, რაც ფართომასშტაბიან განათლების რეფორმასთან და ხარჯვის ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა განათლების ყოვლისმომცველი სტრატეგიის მომზადების ფინალიზება არ მომხდარა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ამავე წელს მომხდარი სამთავრობო კაბინეტის ცვლილებებით,” - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები