ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა“ ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას დროებით არ დაიწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება და რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდება.
„მინდა ვთქვა ახალი ამბავი. ჩვენ პრემიერის დავალებით, ჩართულები ვართ ინტენსიურ კომუნიკაციასა და დიალოგში, რათა უნდა გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ. ასევე, როცა ვისმენდით მოსახლეობის და ექსპერტების წუხილებს, მოლაპარაკება ვაწარმოეთ ინვესტორთან. მინდა გითხრათ, რამდენიმე შეთანხმება, რაც მათთან შედგა:
მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და საიმედოობას, შევთანხმდით კომპანიასთან, რომ არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე ძირითადი კვლევის შემოწმება-ვალიდაციას.
ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ პირებს, ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს და იმედი გვაქვს, ეს საბოლოო წერტილს დაუსვამს იმას თუ რამდენად სანდოა ეს პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, გზის სამშენებლო და სხვა სამუშაოებს კომპანია გააგრძელებს.




























