მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნავთობის ფასები მაქსიმალურ ნიშნულთან ჯერ ახლოსაც არ არის" - საამიროების ენერგეტიკის მინისტრი

62a1a4186959e
გიორგი თოლორდავა
09.06.22 12:20
1293
არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ახლოსაც არ არის მაქსიმალურ ნიშნულთან და ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება „არნახული“ ტემპით გაიზარდოს.

„ამჟამინდელი მოთხოვნის გათვალისწინებით, ფასების მაქსიმალურ ნიშნულთან ახლოსაც არ ვართ, რადგან ჩინეთი ჯერაც არ დაბრუნებულა“, - განაცხადა ალ მაზროუმ.

UAE-ის ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, OPEC-ის მიერ რუსეთის სრულად ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საუდის არაბეთისა და საამიროებს გარდა, დამატებითი საწარმოო შესაძლებლობები არცერთ ქვეყანას არ აქვს, მის გასაზრდელად კი სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსხვილი ინვესტიციები და, რაც მთავარია, გარკვეული პერიოდია საჭირო.

ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის შეხვედრებზე არაერთხელ გახდა განხილვის მთავარი საგანი. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ნედლი ნავთობის მოსაპოვებლად მხოლოდ ბუნებრივი რეზერვები არ არის საკმარისი და ამისათვის აუცილებელია ძვირადღირებული ჭაბურღილებისა და გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობა, რისი საშუალებაც, ევროკავშირის დახმარების გარეშე, OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ.

საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი ბრენტის ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულს აღწევს, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ OPEC-მა ყოველდღიური მიწოდების 648,000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ბირჟაზე ნავთობის ფასები არ შემცირებულა. ინვესტორების შეფასებით, ზემოხსენებული მოცულობა არ იქნება საკმარისი ევროკავშირის ბაზარზე რუსეთის სრულად ჩასანაცვლებლად, ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების გაუქმება და ეკონომიკური აქტივობის აღდგენა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ზეწოლას ფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები