“დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო მომენტამდე ნავთობკომპანიები საწვავის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და თუ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება, გაზრდა აისახება მხოლოდ იმ მინიმალური ოდენობით, რაც არც მათ ბიზნესს და არც მომხმარებლებს არ დააზარალებს", - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფასის მომატება ნავთობკომპანიებისთვის არამომგებიანი იქნება.
“აქსიომაა ჩვენს ბიზნესში ის, რომ ყველაზე ინერტულად და ყველაზე უხალისოდ ნაბიჯს კომპანიები ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით დგამენ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთგულ კლიენტებს კარგავენ, არამედ იმიტომაც, რომ ყოველი მომატებული თეთრი პირდაპირპროპორციულია რეალიზაციის კლების. რაც უფრო ძვირია საწვავი, ის მით უფრო ცოტა იყიდება", - განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მატულობს.




























