გერმანული პარლამენტის სხდომა დღეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნა, სადაც მან გერმანიას მადლობა გადაუხადა, მაგრამ საჭირო დროს უმოქმედობისთვისაც უსაყვედურა. პრეზიდენტმა ამ კონტექსტში რუსეთის გაზსადენი Nord Stream-ი გაიხსენა.
დარბაზში დეპუტატების გარდა მთავრობის წევრები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინელი დიპლომატები იმყოფებოდნენ - წერენ უკრაინული გამოცემები.
„როგორ არის ასეთი რამ შესაძლებელი? როდესაც გეუბნებოდით, რომ Nord Stream ეს არის იარაღი და მომზადება დიდი ომისთვის, თქვენ არ გესმოდათ და პასუხად ამბობდით, რომ ეს ეკონომიკა იყო. ეს კი ახალი "კედლის ცემენტი" იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, გერმანია უკრაინის ევროკავშირში შესვლის პროცესს ანელებს.
„როდესაც გეკითხებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინაში, რომ NATO-ს წევრი გავმხდარიყავით, უსაფრთხოდ ვყოფილიყავით და ამ უსაფრთხოების გარანტიები მიგვეღო, პასუხად გვესმოდა: „ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მაგიდაზე არ დევს და უახლოეს პერიოდში არც იქნება“, ისევე როგორც ამ მაგიდის გარშემო ჩვენთვის სკამი არ იყო. თქვენ ახლაც აჭიანურებთ უკრაინის ევროკავშირში შესვლას. გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგისთვის ეს პოლიტიკაა, სინამდვილეში კი - ეს ქვებია, ახალი კედლის ასაშენებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ გერმანია მხარდაჭერის საჭიროების დროს უმოქმედობაში უსაყვედურა.
„როდესაც პრევენციულ საქნციებს ვითხოვდით, მივმართავდით ევროპას და თქვენ: „ისეთი სანქციებია საჭირო, რომ აგრესორმა იგრძნოს, რომ თქვენ ძალა ხართ“. ჩვენ გაჭიანურებას ვხედავდით. ჩვენ წინააღმდეგობა ვიგრძენით და მივხვდით, რომ თქვენ ეკონომიკის გაგრძელება გინდოდათ... ახლა კი თქვენსა და სახელმწიფოს შორის, რომელმაც ევროპაში ისევ უმოწყალო ომი მოიტანა, კედელზე ეკლიანი მავთულია გაჭიმული, ახალ კედელზე, რომელიც ევროპას ორად ჰყოფს და თქვენ ვერ ხედავთ რა არის ამ კედლის მიღმა. ეს კედელი კი ჩვენს - ევროპის ხალხებს შორისაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ვერ გრძნობს სრულყოფილად იმას, თუ რას განიცდიან უკრაინელები.




























