თბილისის მერია შპს „ალიანსთან“, რომელსაც სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებს ცალმხრივად წყვეტს. აღნიშნულის მიზეზად თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების ვადებში ვერშესრულება დაასახელა.
როგორც მერმა აღნიშნა, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდება.
„შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად 610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისი განესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% - დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთა წინასწარ გაეკეთებინა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა მან ვერ შეძლო სამუშაოები დროულად ეწარმოებინა.
გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























