მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში ნამახვანჰესის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ

603e29375168a
ინგა მურუსიძე
02.03.21 16:00
795
28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნამახვანიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე 4 თვეზე მეტია, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავს და ღამეებს კარვებში ათევენ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე დეპუტატი სწორედ ნამახვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 28 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა. მათ შორის იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეც; პარლამენტის ტრიბუნიდან თავისი პოზიცია დაფიქსირა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ნამახვანჰესისა და მასზე დამოკიდებული 80 ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმაც.

„დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში ჩვენ პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ - ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად. რაც შეეხება ეკონომიკას, კრიზისი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გველის წინ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება კრიზისის ნაწილში გარკვეული გეგმის ჩვენება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების ნაწილში ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და ნამახვანჰესი ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი პროექტია - 800 მლნ დოლარის ღირებულების.

"გარდა ამისა, ამ ნამახვან ჰესის პროექტის უკან დგას 80 ჰესის პროექტი ანუ ნამახვან ჰესზე თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3, 5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ნამახვან ჰესის ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას. თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ბენეფიტები აქვს ფინანსური, მაშინ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციის და მეორე - ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვანახებთ იმ პლუსებს, რასაც ისინი მიიღებენ.

შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რომ პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს.

სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ, ინვესტიცია მოვიზიდოთ.

ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს ამ ქვეყნისთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება, არ უნოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილის მსურველი ქვეყანა, რომელიც ეცდება, რომ მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები. ამიტომ, მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ. ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ განვითარების და უკეთესი მომავლის შანსი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები