მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ომიკრონის" BA.2 ვარიანტი უფრო გადამდებია - კვლევა

61f8de0c418be
თათია კაკიაშვილი
01.02.22 11:33
2905
ბოლო რამდენიმეა დღეა, საერთაშორისო მედია აქტიურად წერს „ომიკრონის“ მომდევნო - BA.2 ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი გადამდებობით ხასიათდება. ამჯერად ამ მოსაზრებას დანიური კვლევა ადასტურებს, რომლის შედეგებზეც ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, BA.2-ით სრულად აცრილი მოქალაქეებიც ინფიცირდებიან.

კორონავირუსული ინფექციების კვლევა დანიაში 8 500-ზე მეტ მოქალაქეზე ჩატარდა, რა დროსაც გაირკვა, რომ ახალი ვარიანტით ინფიცირებულები 33%-ით უფრო ხშირად აავადებენ სხვებს. შესაბამისად, მართალია, ამ ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით „ომიკრონი“ ინფიცირების შემთხვევათა 98%-ს იკავებს, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, სულ მალე დომინანტური შტამი BA.2 გახდება.

„კვლევებით დასტურდება, რომ BA.2 არსებითად უფრო გადამდებია, ვიდრე "ომიკრონი“ და რომ, ის ასევე ხასიათდება ისეთი იმუნური თვისებებით, რაც ინფექციისგან ვაქცინაციის დამცავ ეფექტს კიდევ უფრო ამცირებს. ამასთან, თუკი თქვენი ოჯახის წევრი ან თანამშრომელი BA.2 ვარიანტით დაინფიცირდა, არსებობს 39%-იანი ალბათობა, რომ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ახალი შტამი თქვენც გამოგივლინდეთ, ხოლო თუ „ომიკრონი“ გაქვთ გადატანილი, BA.2-ით რეინფიცირების ალბათობა 29%-ია“, - წერია კვლევაში.

ცნობისთვის, კვლევა Statens Serum Institut-ის (SSI), კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, დანიის სტატისტიკის და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა ერთობლივად ჩაატარეს.

რაც შეეხება BA.2-ით ინფიცირების შემთხვევებს, ამ დროისთვის ახალი შტამი გამოვლენილია შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე დანიაში, სადაც ის შემთხვევების დაახლოებით 82%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები