მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ომიკრონის" გამო ევროპის ქვეყნები კოვიდ-შეზღუდვებს აბრუნებენ

61c2d2a3efd7d
თათია კაკიაშვილი
23.12.21 00:24
634
ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა კოვიდ-შეზღუდვების დაბრუნება დაიწყეს, მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონია“, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ვრცელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საშობაოდ რიგი შეზღუდვები უკვე გამოცხადდა გერმანიასა და პორტუგალიაში, მათ შორის - ძალაშია სოციალური დისტანციის დაცვა.

ბოლო მონაცემებით, „ომიკრონი“ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევების მთავარი წყაროა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა მატება ჯანდაცვის სისტემებს „კოლაფსის წინაშე დააყენებს“. ჯანმო-ში აცხადებენ იმასაც, რომ შემთხვევათა ზრდის გამო, მსოფლიო კორონავირუსის „ახალი ტალღის წინაშე დგას“.

ამასთან, 28 დეკემბრიდან გერმანიაში 10 ადამიანზე მეტის შეკრება კვლავ იზღუდება და ღამის კლუბები იხურება. ასევე, ქვეყანაში საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. პორტუგალიაში ბარები და ღამის კლუბები 26 დეკემბრიდან იხურება, ხოლო სახლიდან მუშაობა 9 იანვრამდე სავალდებულოა.

მართალია, დიდ ბრიტანეთში პრემიერ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, დამატებითი რეგულაციები შობამდე არ ამოქმედდება, თუმცა შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სოციალური შეკრება კვლავ შეზღუდულია. შეზღუდული სამუშაო რეჟიმით იმუშავებს კაფე-ბარები და რესტორნები შვედეთში, ხოლო ნიდერლანდებში კვირის დასაწყისში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უახლესი მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 89 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,5 მილიონზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები