მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბის" მართვაში 16 ათასამდე სასტუმრო ნომერი იქნება – ბათუმის უძრავი ქონების რა წილს ფლობს კომპანია?

62037a6f09695
თათია ჩაფიჩაძე
11.02.22 10:10
1650
სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, კომპანიას ბათუმში მილიარდი ლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული, უახლოეს წლებში კი ქალაქში დამატებით კიდევ მილიარდის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

როგორც კვერღელიძემ BMG-თან განაცხადა, ჯამურად მათ მიერ შექმნილი სასტუმრო სანომრე ფონდი 12 ათასს სცდება. პროექტ „ორბი სითის“ დასრულების შემდეგ ქალაქს კიდევ 4 ათასამდე ნომერი დაემატება. შედეგად, ორბის მართვაში იქნება 16 ათასი ნომერი, რაც უფრო მეტია, ვიდრე თბილისსა და ბათუმში არსებული ნომრები ერთად.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 70%-ს ფლობს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არცთუ ისე მცირე წვლილი შეგვაქვს, თუ გადავხედავთ ყველა პროექტს მთლიანობაში, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა და ჩვენ ამ ტემპის შენარჩუნებას და გაზრდას ვფიქრობთ, მითუმეტეს ამას ხელს უწყობს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან შეძენილ მიწის ნაკვეთებზე გვაქვს, აბსოლუტურად გეგმაზომიერად, შეთანხმებული პირობების მიხედვით ხორციელდება. ეს არის დაახლოებით 20 ჰა, რომელზეც ამჟამად ვახორციელებთ საინვესტიციო პროექტებს.

ის მასშტაბები, რაც ახლა ბათუმშია, შეშურდება მილიონიან ქალაქებსაც კი. ჯამში 3.5 მლნ კვ.მ-მდე გავალთ ჩვენი პროექტებით. ჩვენი უცხოელი პარტნიორები სულ კითხულობენ, როგორ შეიძლება ისეთ ქალაქში, სადაც ძირითადი მოსახლეობა 180 ათასი ადამიანია,  იყოს ამდენი ცათამბჯენი? 

2000-იან წლებში, როდესაც იწყებოდა და ფეხს იდგამდა ტურისტული სექტორი, მაშინ სასტუმრო სანომრე ფონდების  სერიოზული პრობლემა იყო. „შერატონში“ 202 ნომერია, 166 ნომერია „რედისონში,“ 230 ნომრამდეა „ჰილტონში,“ 120 ნომრამდე იყო „ინტურისტში“, რომელიც ქმნიდა ამ სასტუმრო სანომრე ბაზას, ეს სულ იყო 500 ნომერი, რომელიც მაქსიმუმ 800 - 1000 ტურისტს ემსახურებოდა ერთდროულად.

ამბიცია გვქონდა, რომ მილიონობით ტურისტი უნდა მიგვეღო ქვეყანაში, ასეთი ტემპებით კი სასტუმრო სანომრე ფონდის გაზრდა ხელს არ მოგვცემდა.

მაშინ კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზოიძემ დასვა კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს სასტუმროს ერთი მსხვილი ინვესტორი ააშენებს თუ 1000 ინვესტორი ერთად? სწორედ აქედან იყო განპირობებული ჩვენი იდეა, რომელიც ინიცირებული იქნა პარლამენტსა და მთავრობაში და 2012 წლის ბოლოსთვის უკვე მიღებული იქნა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. შედეგად, დამტკიცდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა დეველოპერებს აეშენებინათ სასტუმრო კომპლექსები და მოეხდინათ სასტუმრო ნომრების რეალიზაცია.

რა შედეგი მიიღო ქალაქმა? - დღეის მდგომარეობით, 12 ათასი სასტუმრო ნომერი შევუქმენით ქალაქს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოსული სტუმრების 70%-ს ღებულობს ჩვენი კომპლექსები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქონების ინვესტორები არიან, იღებენ შემოსავალს. 

ჩვენ შევუქმენით ქვეყანას ტურისტული ინფრასტრუქტურა, სახელმწიფომ კი მოგვცა საშუალება გაიოლებული, ნაკლები ბიუროკრატიის ხარჯზე მოგვეხდინა ამ სასტუმრო–კომპლექსების მშენებლობა. 

მას შემდეგ, რაც „ორბი სითის“ პროექტი დასრულდება, ჩვენ მიერ შექმნილი სასტუმრო სანომრე ფონდი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე თბილისსა და ბათუმში დაარსებიდან დღემდე შექმნილა. 8 ათასამდე სასტუმრო ნომერია თბილისში, 7 ათასია ბათუმში ჩვენი პროექტების გარდა, ეს ჯამში 15 ათასია, ხოლო „ორბი სითის“ დასრულების შემდეგ ჩვენს მმართველობაში იქნება 16 ათასზე მეტი ნომერი. მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა. კომპანიამ 10 წლის განმავლობაში შექმნა იმაზე მეტი ნომრები, ვიდრე დაარსებიდან დღემდე ამ ორ უმსხვილეს ქალაქში შექმნილა“ - აცხადებს კვერღელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები