მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის მიუხედავად, 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ და სექტორი 96%-ით აღვადგინეთ” - ქვრივიშვილი

62961f547cf21
მარიამ ადამია
31.05.22 23:00
681
“საქართველო ავიაციის სექტორში, სწრაფი აღდგენის დინამიკით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. თუკი 2019 წელს შევადარებთ, ავიაციის სექტორი, ფაქტობრივად, 96%-ით აღვადგინეთ, ხოლო კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ,” - ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქარველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის დივერსიფიცირება და ამიტომაც ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ახალი ავიაკომპანია შემოსულიყო და გვქონოდა წვდომა მეტ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან.  

"სწორედ ამ მიზნით გაიმართა შეხვედრა Lufthansa group-თან და ვისაუბრეთ საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, როგორებიცაა, მაგალითად Swiss International AirLines, Brussels Airlines, Austrian და მათ ჯგუფში შემავალი ისეთი ძლიერი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, რომლებიც ფუნდამენტურად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორს" - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი. 

ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერს კარსტენ ცანგს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე საქართველოში Lufthansa Group-ის სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ გერმანული საავიაციო ჰოლდინგი განიხილავს საქართველოს ბაზარზე ჯგუფში შემავალი სხვა ავიაკომპანიებით ოპერირებას, რაც დამატებით ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებებით ფრენების დაწყებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Lufthansa ასრულებს, ხოლო დიუსელდორფიდან Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს. ასევე მაინის ფრანკფურტი - თბილისის რეისს ასრულებს კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები