„განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რაც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს ფუნქციონირება“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გუშინ სავაჭრო ცენტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შემდგომში მოლების წარმომადგენლებმა BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნეს, თანამშრომლების ტესტირების ხარჯები კერძო სექტორმა თავის თავზე უნდა აიღოს.
როგორ აფასებს სექტორი ახალ მოთხოვნებს და რამდენად გაიზრდება კომპანიების ხარჯები შესაძლო ახალი ვალდებულების გამო - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ Retail Group Georgia-ს დამფუძნებელ რევაზ მაღალაშვილს მიმართა.
"შევეგუეთ, რომ პანდემიის პერიოდში ხარჯები გაცილებით გაზრდილი გვაქვს, ვიდრე - წინა წლებში“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში ტანსაცმლის ყველაზე ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და მთავრობის წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრებში მომუშავეთა ტესტირების საკითხი გააჟღერეს, რომლის საორგანიზაციო საკითხები ჯერ დაზუსტებული არ არის.
„თანამშრომელთა ტესტირებების საკითხის დამუშავების პროცესშია. სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა პროტოკოლი ექნება; ჯერ ვერ გეტყვით რა სიხშირით მოგვიწევს ტესტირებების ჩატარება, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, ჩვენ ერთ-ერთ დაბალი რისკის მატარებელ სექტორს წარმოვადგენთ, რადგან მაღალი დაცვის საშუალებები გვაქვს. უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სადაც გამოჩნდება რა სიხშირით დაგვჭირდება ტესტირება. აქ ისეთი საორგანიზაციო საკითხებია, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოქმედობა, იმიტომ რომ თანამშრომლები უნდა წავიდნენ და გაიტესტონ, ამიტომ სავაჭრო ცენტრებში ან მათ მიმდებარედ ცენტრალიზებული პუნქტების მოწყობასაც არ გამოვრიცხავთ, რადგან არ გვაქვს ტრანსპორტის აღდგენაზე ჯერ ინფორმაცია, ვაკეთებთ იმის დაშვებასაც, რომ შეიძლება არ აღდგეს. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რომელიც შეიძლება დისტანციურადაც შედგეს. 1 თებერვალს თუ, რა თქმა უნდა, დაპირება შესრულდება და გავიხსნებით, ჩვენ მიერ ყველა რეგულაცია დაცული იქნება“, - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
რამდენით გაიზრდება Retail Group Georgia-ს ხარჯები თანამშრომელთა ტესტირებების დაწყების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი საბოლო პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„რამდენით გაიზრდება ტესტირების ნაწილში ხარჯი, ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ ისიც არ ვიცით, რომელი სწრაფი ტესტებით და რა სიხშირით იქნება აუცილებელი თანამშრომლების ტესტირება, ამდენად ამის დათვლა ჯერ შეუძლებელია. დიახ, ეს ხარჯია კომპანიებისთვის, თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ისეთ ხარჯებზე, რომელიც ემსახურება კონკრეტულ ამოცანას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ამიტომ არ შევქმნით არანაირ პრობლემას. ჩვენთვის პრობლემას ის გადაწყვეტილებები წარმოადგენს, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო, უსაფუძვლოდ იცვლება“, - უთხრა BM.GE-ის მაღალაშვილმა.