მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკის ზრდისა და გაჯანსაღების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია"

60f5a49168f40
სალომე მეცხვარიშვილი
19.07.21 23:20
467

პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკის ზრდისა და გაჯანსაღების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. bm.ge დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა მოიზიდოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ. საუბარია 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მოძალადეების ჯგუფი ჟურნალისტებს თავს დაესხა, რა დროსაც 50-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. ამ მოვლენების დროს დაშავებული ერთ-ერთი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს. 

ფინანსთა მინისტრი ამ მოვლენებზე საუბრისას ძირითადად პოლიტიკურ არასტაბილურობაზე და მის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. 

“ცალსახად დასაგმობია ის ქმედებები, რაც განხორციელდა 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იყო ამაში ჩართული, იქნება უმკაცრესად, კანონის შესაბამისად დასჯილი და აგებს პასუხს. ასევე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ჟურნალისტებს, კოლეგებს. 

რაც შეეხება უშუალოდ საკითხს პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკის ზრდასა და გაჯანსაღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებზე თუნდაც მწვავე პოზიციების დაფიქსირება არ ხდებოდეს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩარჩოები, რომ არ გადაიზარდოს ქვეყნისთვის ისეთ რისკებში, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ქვეყნის განვითარება”,- აცხადებს ლაშა ხუციშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები