მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პორტის ფლობამ არ უნდა გამოიწვიოს კონკურენციის პირობების დარღვევა" - მთავრობა APM-სა და PACE-ზე

626949b00d084
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.22 18:16
827
პარლამენტმა გუშინ საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება.

ინიციატივას ეწინააღმდეგება ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი, რომელიც აცხადებს, რომ კანონის მიღებით მისი შემოსავლები მცირდება. კომპანია აქამდე კრეფდა მოსაკრებლებს ფოთის პორტში მდებარე Pace ჯგუფის ნავმისადგომისთვის განკუთვნილი გემებიდან, თუმცა მომავალში მას ამ მოსაკრებლის აღება არ შეეძლება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ ამ კანონით სახელმწიფო პორტის ოპერატორებს ანუ “სანავსადგურე ერთეულებს” შორის თანაბარი კონკურენციის ხელშეწყობას გეგმავს. ამასთანავე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ უთანხმობები კომპანიებმა ერთმანეთთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტონ.

გურამ გურამიშვილის პასუხები BMG-ის:

- [BMG] APM-ისთვის გაუგებარია, ის რომ არხის დაღრმავება და მოვლა-პატრონობა პროპორციულად უნდა გადაინაწილონ გემების მიხედვით, ორივე ოპერატორმა, მაგრამ ჩვენ ვართ ძირითადი ოპერატორი, პორტის ინფრასტრუქტურა არის ჩვენი და მაშინ თუ იქ გემი არ შევიდა, ჩვენ მაინც დავაღრმავოთ? 

- [გურამიშვილი] კანონმდებლობა, არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი არ ცნობს ტერმინს პორტის “ძირითად ოპერატორს".

- [BMG] ეს გასაგებია, მაგრამ დაღრმავება მას უწევს? ვთქვათ პეისში თუ არ შევიდა ამდენი გემი, რასაც აკეთებდა APM-ი ამდენი წლის განმავლობაში, არხის მოვლა-პატრონობას, ახალი კანონპროექტით პროპორციულად უნდა მოხდეს ხომ?

- რა უნდა მოხდეს, დაღრმავება მოხდეს პროპორციულად?

- ხარჯები უნდა გაინაწილონ ამ დარღმავების, შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის. ხომ ასეა?

- კიბატონო, ასეა, ასეთი ჩანაწერი არის, რომ პროპორციულად უნდა უზრუნველყონ ეს. 

- პეისში თუ გემი არ შევიდა, APM -მა თავად უნდა გაიღოს დაღრმავების ხარჯი? მე ეს ვალდებულება მაინც მრჩებაო, ეს არის მათი კითხვა.

- ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ, ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და ერთმანეთში უპასუხონ კითხვებზე. მე რა უნდა ვუპასუხო?

- კანონპროექტით ხომ ურეგულირებთ თქვენ, რომ გადაინაწილონ?

- ეს ვალდებულება ახალი პორტის [პეისის ტერმინალის] გახსნამდეც ისედაც ჰქონდა. ანუ არაფერი არ იცვლება მისთვის. არ იცვლება, რადგან ეს ვალდებულება მანამდეც ჰქონდა. თქვენ კითხვას გიბრუნებთ ისევ კითხვით, არაფერი იცვლება მისთვის.

- როგორ არ იცვლება?

- არ იცვლება, რადგან ეს ვალდებულება ისედაც ჰქონდა.

- დიახ, მაგრამ შემოსავალს [შემომავალი გემებიდან] მხოლოდ თავად იღებდა. 

- კიბატონო, შემოსავალი თავად ჰქონდა.

- ახლა უნდა გაუნაწილოს პეის ჯგუფს ეს [გემებიდან მისაღები შემოსავალი] 

- ნუ რას ვიზამთ, პორტის ღიაობა და თავისუფალი კონკურენცია გულისხმობს იმას, რომ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.”, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

APM Terminals-მა ფოთის პორტი 2011 წელს შეიძინა და მისი მთავარი ოპერატორი გახდა; პორტის ტერიტორიაზე ოპერირებს ქართული სატრანსპორტო ჯგუფი Pace-ი, რომელიც APM-ს ნამვისადგომით სარგებლობისთვის იჯარას უხდის. კომპანიამ 2022 წლის თებერვალში ახალი ტერმინალიც გახსნა, რის შედეგადაც მას კანონი ოფიციალურად ანიჭებს “სანავსადგურე ერთეულის” სტატუსს.

14 აპრილს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ ახალი კანონპროექტი სწორედ APM-სა და PACE-ს შორის უთანხმოების დასარეგულირებლად დაიწერა, თუმცა ამ კანონპოექტს ეწინააღმდეგება ფოთის პორტის ოპერატორი და მისი მიღების შემთხვევაში არც არბიტრაჟისთვის მიმართვას გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები