მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრემიერის რეკომენდაციაა, რეგიონის პრობლემები გულთან ახლოს მივიტანოთ" - ღარიბაშვილი მერებს და გუბერნატორებს ხვდება

618ba29123e0e
ინგა მურუსიძე
10.11.21 15:25
720
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადარჩეულ მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და მათ განხორციელებაში ადგილობრივ მთავრობებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აღუთქვა. მერებთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს.

სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონის საჭიროებებზე ისაუბრა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს არსებული პრობლემების მოგვარებაში.

„პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება და იყო რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კომუნიკაციაში ხალხთან, გულთან მივიტანოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად არის რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი პრობლემის სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა. რეგიონისთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს წყლის მომარაგება, რომლის პროექტი უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დამთავრდება. რიგ პრობლემებზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ერთად, მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება რეგიონში“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თავის მხრივ, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქის და თემის მერებმაც გააკეთეს:

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე: "ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას. ეს არის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძლიერი სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, რომელსაც განვახორციელებთ, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქალაქებს და სოფლებს. მალე დავიწყებთ იმ პროექტებსაც, რომელზეც იყო საუბარი, მაგალითად რუსთავში ვაპირებთ მედიათეკის მშენებლობას, ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებას“.

დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ არის გაკეთებული, კიდევ გვრჩება გადასაჭრელი საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების საკითხის გადაწყვეტა. მე დუშელი ვარ და ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები. ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა“.

გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი: "გარდაბნის რაიონში  მრავალი პროექტი ხორცილდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევასა და საჭიროებაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები“.

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი: "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და მათ შორის, მეც, მესამედ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ უკვე გამოცდილები ვართ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს არის თავის მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ვიცით, რა არის ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი: "მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ახლოს ჩვენს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეების თხოვნებს, მათი მხრიდან წამოსულ პრობლემების განხილვებს და რაც მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ადამიანი არის ჩვენი პრიორიტეტი და მოქალაქე არის ჩვენი საზრუნავი“.

ონის მერი სერგო ხიდეშელი: „ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე. ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება და ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა. მომდევნო წლიდან ქალაქ ონს ეს პრობლემა აღარ ექნება“.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები