მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერმა გააჟღერა უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით"

614eb805df4ec
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 09:43
486
ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ეს გახლავთ ახალი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე მინდა ვთქვა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლა, წინა წლები მაქვს მხედველობაში, მუდმივად ხასიათდებოდა კონკრეტული ინიციატივების წარმოჩენით. კარგად გვახსოვს, 2014 წელი, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა გაეროს ტრიბუნიდან, მან გააჟღერა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ინიციატივა და ეს არა მხოლოდ გაჟღერდა, არამედ, პრაქტიკულ განზომილებაშიც ითარგმნა და ეს ფორუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო და უაღრესად წარმატებულ ფორუმად, რომელმაც ქვეყანას მოუტანა კონკრეტული შედეგები სწორედ იმ დაკავშირებულობის და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

„წლევანდელი წელიც გამორჩეულია, რადგანაც დღეს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ახალი ინიციატივა გაჟღერდა - სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო, სამეზობლო ინიციატივა, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. ეს არის საქართველოს მთავრობის, პრემიერის წამოწყებული ინიციატივა და კარგად დავინახეთ ბოლო თვეების განმავლობაში ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასწია და რაც ამ ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ გვინდა, რომ თბილისში მოვიწვიოთ საერთაშორისო შეხვედრები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სადაც გაჟღერდება კონკრეტული ინიციატივები ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ხალხთა შორის ურთიერთობის, კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და ეს ინიციატივები, რომელიც გაჟღერდება ამ დიალოგის და სამშვიდობო ინიციატივის ფორმატში, აუცილებლად უნდა იყოს მხარდაჭერილი, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამას ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუერთდებიან ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არიან დაინტერესებული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დაფუძნებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები