მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ლუდის კომპანიამ" პანდემიამდე არსებული საექსპორტო მაჩვენებლები თითქმის 34%-ით გააუმჯობესა

61cd5694ed852
BM.GE
30.12.21 10:45
771
სს "ქართული ლუდის კომპანიამ" მოახერხა და ექსპორტის მხრივ პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები თითქმის 34%-ით გააუმჯობესა. თუ კი კომპანიამ 2019 წელს 11 თვეში ექსპორტზე 3 735 199 ლიტრი პროდუქცია გაიტანა, 2021 წლის 11 თვეში შეძლო და 5 მლნ. ლიტრი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, შესაბამისად ზრდამ 33.9%-ი შეადგინა.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" ექსპორტის მენეჯერი არტიომ მანუკიანი განმარტავს, რომ პანდემიის პირობებშიც კომპანიას საექსპორტო ბაზრების ათვისება არ შეუჩერებია და ცდილობდა, რომ COVID-19-ის გამო წარმოქმნილი კრიზისის ფონზე ახალი ბაზრები მოეძიებინა.

"პანდემიამ, რომელმაც გარკვეული პერიოდი მთელი მსოფლიო გააჩერა, ცხადია თითქმის ყველა ბიზნესს შეეხო. ექსპორტის განვითარება, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი იქნებოდა ბიზნესების მხარდასაჭერად. ზედაზენის შემთხვევაში, ჩვენ შევძელით რომ საქესპორტო ქვეყნების გეოგრაფია კიდევ უფრო გაგვეფართოებინა - 2021 წელს სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია უკვე წარმოდგენილია საბერძნეთში, ყირგიზეთში, ისრაელში, სომხეთში, ბელორუსში, უკრაინაში, კატარსა და თურქეთში. შესაბამისად, ამ ახალ ბაზრებზე, მომავალ წელს გაყიდვების ზრდას ველოდებით, რაც თავის მხრივ ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც მნიშვნელოვნად აისახება. 2021 წელი ამ ბაზრებისათვის მაინც გაცნობის პერიოდად შეიძლება ჩავთვალოთ.

2020 წლის ჩათვლით სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია აქტიურად იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, ავსტრიაში გერმანიაში, კვიპროსში, პოლონეთში, აშშ-ში და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებიდან კი 2021 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება პოლონეთში, აშშ-სა და რუსეთში", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ექსპორტის მენეჯერი.
რაც შეეხება ჩინეთის დიდ ბაზარს, კომპანიამ საცდელი პარტიები რამდენჯერმე გაგზავნა და ვარაუდობს, რომ 2022 წელს ჩინეთის ბაზარზე შესვლასაც მოახერხებს. სს "ქართული ლუდის კომპანია" ყველა გამოფენასა თუ მარკეტინგულ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მას ჩინეთის ბაზართან დაახლოებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციიდან საექსპორტო ბაზრებზე მაინც წამყვანი პოზიცია ლიმონათს უჭირავს, რადგანაც ქართული ლიმონათი მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი სასმელია, რასაც წარმოების მაღალ ტექნოლოგიებთან ერთად ქართული წყლის უნიკალური თვისებებიც განაპირობებს.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული ლუდები აქტიურად იყიდება პოლონეთში, ავსტრიაში, რუსეთში, გერმანიაში. ენერგეტიკული სასმელები კი საკმაოდ კარგად ექსპორტზე არაბულ ქვეყნებში გადის.

რაც შეეხება მინერალურ წყალ "ზენის", რომელიც წარმატებულად იყიდება უკვე პოლონეთში, კომპანიის უახლოეს გეგმებშია, რომ ის აქტიურად იყოს წარმოდგენილი გალფის ქვეყნებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები