მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული მცენარეული ზეთის კომპანია ქარვა“ ექსპორტისთვის ემზადება - ქვეყნები

61f7ef976aeac
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.22 10:15
1364
„საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“, რომელიც მზესუმზირის რაფინირებულ და არარაფინირებულ, ასევე სიმინდის ზეთებს „ქარვას“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს და ერთი თვეა, რაც ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, გაზაფხულიდან პროდუქტის ექსპორტზე გასატანად ემზადება.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ქართული მცენარეული ზეთის პირველი საექსპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროები იქნება. ამ მიმართულებით კი კომპანიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „ქარვას“ ზეთის გატანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. პირველი პარტია შეიძლება მარტის მეორე ნახევარში გავიტანოთ, რა დროსაც კომპანიის მართვაში არსებული დედოფლისწყაროში მოქმედი მზესუმზირის საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება და შედეგად ჩვენ ამ მიმართულებით როგორც სიმინდის, ასევე მზესუმზირის რაფინირებული ზეთის გატანას შევძლებთ. ექსპორტის საწყისი მოცულობა, დაახლოებით, 100 ტონა იქნება.

პანდემიის პერიოდში ზოგადად ცხიმებზე მოთხოვნა გაიზარდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი ერთ-ერთი ჰაბია, საიდანაც მცენარეულ ზეთზე მოთხოვნა მაღალია. ჩვენს შემთხვევაში, დაინტერესება ზეთის მაღალი ხარისხის გამო გაჩნდა“, - განმარტა გიორგი თაბგარმა.

პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ქართული ზეთების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათ პროდუქტზე მოთხოვნა პანდემიამდე ევროპიდანაც იყო და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, „ქარვა“ ექსპორტის გააქტიურებას ევროპის მიმართულებითაც გეგმავს.

„პანდემიის დაწყებამდე ექსპორტის მიმართულებით მოლაპარაკებები ევროპის ბაზარზე გვქონდა. ევროპის ქვეყნებში ჰორეკა სექტორიდან კახურ ზეთზე იყო მოთხოვნა, თუმცა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პანდემია დაიწყო და ეს გეგმები ვერ შესრულდა, რადგან ამ პერიოდში რესტორნები დაიხურა.

ევროპის ქვეყნებში კახური ზეთის გატანის საკითხი შეიძლება 2022 წლის მეორე კვარტლიდან გააქტიურდეს. ამ შემთხვევაშიც მოთხოვნა ჰორეკა სექტორიდან მოდის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე თუ რომელი სარესტორნო ქსელების მომარაგება მოხდება ქარვას“ არარაფინირებული კახური ზეთით“, - აღნიშნა თაბაგრამა.

ცნობისთვის: „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“ ადგილობრივი ბაზრისთვის მცენარეულ ზეთებს 2005 წლიდან აწარმოება. 2020 წლამდე კომპანია კახეთში, კონკრეტულად კი დედოფლისწყაროში მზესუმზირის ზეთის ქარხანას მართავდა, რომლის სიმძლავრე 150 ტონა ზეთი იყო, ხოლო 2020 წლიდან კომპანიის მართვის ქვეშ ხობში სიმინდის ზეთის საწარმოს პროექტიც შევიდა, რომლის სიმძლავრე 70 ტონა ზეთი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზით 2020 წლის შემოდგომაზე ორივე ქარხანა დროებით დაიხურა და მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში შეძლო ამოქმედება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები