საპარლამენტო არჩევნებამდე 3 სამუშაო დღით ადრე, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" საკუთარი საარჩევნო პროგრამა გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსხვილი კაპიტალური პროექტების განვითარება მომდევნო წლებშიც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რის შედეგადაც 200 კილომეტრის სიგრძის ავტობანი აშენდება. პროგრამის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე მთავრობა დამატებით 70 კილომეტრის სიგრძის ავტობანს გახსნის.
"ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი სახსრები. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე, სახელმწიფომ, ჯამურად, 8.5 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი მიმართა, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, 2013 წელს არსებული 523 მილიონი ლარიდან, 2019 წელს, 1.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ Covid-19-ის გლობალური პანდემიის დროს საქართველოში მიმდინარე არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არ შეფერხებულა",- ნათქვამია პროგრამაში.
საგზაო ინფრასტრუქტურა
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას. 2020 წლის ბოლოსთვის აშენებული იქნება 267 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, საიდანაც 2013 წლამდე აშენებულია 68 კმ, ხოლო 2013 წლიდან დღემდე - 198 კმ, მათ შორის, 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კმ-მდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა.
2013-2020 წლებში განხორციელდა 3300 კმ გზისრეაბილიტაცია. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია. 2013 წლის შემდგომ, სულ განხორციელდა 291 ხიდის რეაბილიტაცია, აშენდა 218 ახალი ხიდი
მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის ლოგისტიკური ფუნქციის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მომდევნო წლებში გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:
დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი - დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა. აშენდება 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი, შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3,5 საათი დასჭირდება;
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა;
გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23კმ-იანი მონაკვეთისა და 9კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით;
გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15კმ-იანი მონაკვეთის, თბილისი-საგარეჯოს 35კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა;
დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხის და სხვა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთების მშენებლობა;
განხორციელდება 1500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
შედეგად, 2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული;
სტიქიის პრევენციისთვის, აქტიურად გაგრძელდება ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება,"- ნათქვამია ოცნების პროგრამაში.