უკრაინის ელჩის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოში უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ–უკრაინის ომში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ქართველმა გმირებმა უკრაინას ყველაზე ძვირფასი რამ შესწირეს, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურების ინფორმაციით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე შეუფასებელია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, იმ ქართველების წინაშე, ვინც უკრაინის ომის დროს დაიღუპა. მათ უკრაინას ყველაზე ძვირფასი რამ შესწირეს, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა გმირებს, ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში“, - განაცხადა კასიანოვმა.