“ტურების და ბილეთების” დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე მიიჩნევს, რომ "ევრობასკეტი 2022” საქართველოსთვის გაშვებული შესაძლებლობაა. როგორც მან Bm.ge -ს უთხრა, ევრობასკეტის საქართველოში გამართვის გამო, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინების მოლოდინი ჰქონდა, რაც მისი მოსაზრებით არ გამართლდა.
“ქალაქის ცენტრში ვოპერირებ და ევრობასკეტის ფორმატში მინიმუმ 10 ადამიანი უნდა მოსულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი მოვიდა, ისიც ღონისძიების ფარგლებში ფრონტ ზონას ეძებდა, საქართველოს ნაკრების მაისურის ყიდვა სურდა, თუმცა ვერ ნახა.
საქართველოში მიმდინარე ევრობასკეტზე შესაბამისი რეკლამა არ ყოფილა, თურქები სპორტზე შეყვარებულები არიან და მათი მოზიდვა შეგვეძლო. ვფიქრობ, რომ ძალიან მოუწესრიგებლად იყო ყველაფერი. ახალი სპორტის სასახლე ავაშენეთ, მასში დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ და მერე რა? ქუჩაში, რომ გაგევლო ვერავინ იტყოდა, რომ ევრობასკეტი აქ მიმდინარეობდა,” - აღნიშნა ჭელიძემ.
ცნობისთვის: ევრობასკეტი 2022, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა. საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
თბილისს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები უკვე ეწვივნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოლოდინი იყო, რომ ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას ეს ფაქტი ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობდა.