მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა ვაჭამოთ შვილებს?! ამით ვარჩენთ ოჯახებს" - გარემოვაჭრეები აქციებს მართავენ

5fc4af20112d3
ინგა მურუსიძე
30.11.20 12:33
999
თბილისსა და რუსთავში მოვაჭრეების აქციები მიმდინარეობს. ორივე აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეები არიან და ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც მსგავსი აქტივობის აკრძალვას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, თბილისში აქცია იმართება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც ყვავილები იყიდება. მეყვავილეების თქმით, საბანკო ვალდებულებები აქვთ, ოჯახები ჰყავთ და მაღაზიებს არ დახურავენ, რადგან შემოსავლის გარეშე რჩებიან.

„მოდის ადამიანი, ვაწვდი ყვავილს, ის ფულს მაწვდის მანქანიდან, ვართ ყველა შეფუთულები, გვიკეთია პირბადეები - რა ირღვევა? არ დავხურავთ მაღაზიებს“, - ამბობს მოვაჭრე.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, ადგილზე მივიდა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. მთავრობის დადგენილების დარღვევისთვის
იურიდიული პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 10 ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება რუსთავში მიმდინარე აქციას, იქაც გარემოვაჭრეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ შეწყვეტენ და ქუჩების გადაკეტვით იმუქრებიან, რადგან მათი თქმით, ვაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში საკვების გარეშე დარჩებიან.

გარდა ამისა, როგორც აქციის ორგანიზატორი ნონა მოდებაძე-გელაშვილი ამბობს, გაზაფხულზე გამოცხადებული ე.წ. "ლოქდაუნის" დროს მოვაჭრეებს ოფიციალური საბუთები არ ჰქონდათ და თვითდასაქმებულის 300-ლარიანი კომპენსაციაც კი
ვერ აიღეს.

„რა ვაჭამოთ ჩვენს შვილებს? წლებია აქ ვმუშაობთ და ვარჩენთ ოჯახებს. წინა "ლოქდაუნზეც" ჩვენ გავიწირეთ“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

თბილისსა და რუსთავში მიმდინარე აქციების მონაწილეები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ: 28 ნოემბრიდან დაკეტილია ყველაფერი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები