პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განმარტა, როგორი შეზღუდვები მოქმედებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე და ვის მიეცემა შესაძლებლობა, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტში იმუშაოს ან შევიდეს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. მედიის ნაწილს შეკრება, პარლამენტში შესვლა და მინისტრისთვის კითხვების დასმა აქვს დაანონსებული.
თუმცა, დღეს პარლამენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ “საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს”.
“იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”,– ნათქვამია განცხადებაში.
კახა კუჭავას განცხადებით, დღეს პარლამენტში საშვები “სტუმრებზე” არ დაიშვება და დაიშვებიან მხოლოდ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებზეც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს წინასწარი კომუნიკაციის შედეგად ჰქონდა ინფორმაცია თავად მედიასაშუალებებისგან.
“ყველა მედიასაშუალებამ წარმოადგინა თავისი სია, ვისზე უნდოდათ, საშვი რომ დაშვებულიყო. 100–მდე ჟურნალისტზე არის საშვი დაშვებული. მათ, ვინც წარმოადგინა, რომ სურთ მოვლენების გაშუქება.
ძალიან კარგად ვიცით 12 ივლისს რა მოხდა, წინა სასესიო კვირაში, როცა დარბაზში შემოჭრა მოხდა მედიის წარმომადგენლების მხრიდან მაშინ, როცა მათზე საშვები არ იყო დაშვებული, რაც არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანელი სხდომის მიზანი არის, გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, რომელიც თქვენი და ჩვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ის მოთოვნა, რომ ჩვენც შეგვიშვით, კითხვები უნდა დავუსვათ, ასე არასოდეს ყოფილა პარლამენტში...
რაც უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ მინისტრს დაუსვას კითხვა პირადად”,– განაცხადა კუჭავამ.



























