„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საზედამხედველო ფუნქციებს არ ასრულებს. როგორც მან თქვა, არ არსებობს შემთხვევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ხელისუფლება გაეკრიტიკებინა, ან საზოგადოებისთვის აუცილებელი შეკითხვები დაესვა.
„ეს არის პარლამენტი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე <კახა> კუჭავა გააგდო და დეპუტატებს მანდატები ჩამოართვა“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, იგივე ნარატივი იყო დღეს პარლამენტში, როდესაც შალვა პაპუაშვილმა წლიური მოხსენება წარადგინა. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს,რომ დღეს „ქართული ოცნება“ ყველაზე რადიკალური იყო.
„საქართველოს სამი მტერი ჰყავსო და ერთ-ერთი ოპოზიცია დასახელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობენ, რომ ოპოზიციაა რადიკალურიო და დღეს „ქართული ოცნება“ ყველაზე რადიკალური იყო. საქართველოს პარლამენტი საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს. ეს ფუნქცია ის არის, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საქართველოს პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, მას აქვს სრული უფლება/პასუხისმგებლობა/მოვალეობა აკონტროლოს ხელისუფლება, როგორც შტო. ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი და საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ, ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა, ან ზომიერად ადამიანებისთვის აუცილებელი შეკითხვები დაუსვა. ნებისმიერი ადამიანი, დაწყებული შალვა პაპუაშვილიდან დამთავრებული ნებისმიერი ადამიანით, რომელიც იქ ხმა 4 წლის განმავლობაში არ ამოუღია, პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები არ არის. ისინი არიან იმ იდეოლოგიის მსახურები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს არის პარლამენტი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე <კახა> კუჭავა გააგდო, რადგან ზედმეტად ლმობიერი იყო, შუა ხაზი ეკავა და არ იყო ხისტი და რადიკალური.
ეს არის პარლამენტი, უმრავლესობა და პარტია, რომელმაც რუსული კანონმდებლობის მიღებისას როდესაც რამდენიმე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, ეს ხალხი პარლამენტიდან გამოყარეს, მანდატები ჩამოართვეს. ეს არის ხალხი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური იდეოლოგია არ გააჩნია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
- ეს უმრავლესობის დეპუტატის პრობლემაა, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არიან თუ ზოგადად, ქვეყნის მყიფე დემოკრატიის?
- ეს არის ერთპარტიული მმართველობის კონფიგურაცია. მაგალითად 2012 წელს ძალიან სერიოზული გადაცდომების გამო ხელისუფლების ცვლილება მოხდა და დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება ახლანდელ ვარიაციას, ვფიქრობ საქართველოს ასეთი ოლიგარქიული კლეპტოკრატიული წყობა არ ჰქონია. არ ვამბობ რომ ოპოზიცია პარლამენტში იდეალურ ფორმაშია. ბევრმა ადამიანმა მანდატი დატოვა, რაც ვფიქრობ არასწორია. როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი, მუდმივი კითხვის ნიშანი იყო პარლამენტში შევსულიყავით თუ არა და ჩემი პოზიცია იყო რომ პარლამენტში უნდა გვემუშავა, ამის გამო ბევრმა კრიტიკის ქარცეცხლშიც გამატარა.