მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რატომ არის ინფლაცია ჩვენთან 14% და სომხეთში 7%"? - რომან გოცირიძე

62e10c7d8d5aa
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.22 14:03
2580
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სებ-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს წარუდგენს. ეროვნულ ბანკთან კითხვები აქვს სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია მთავრობის და ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა განაპირობეს. მისი აზრით, ამაზე სომხეთის მაგალითიც მეტყველებს, სადაც საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალი ინფლაციაა. 

"როდესაც ინფლაცია ხუთჯერ აღემატება სამიზნე 3%-ს და გარკვეული პერიოდით, 14%-საც მიაღწია ინფლაციამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ მიაღწია თავის ფუნქციას, რომელიც მას აქვს განსაზღვრული. ლარის არასტაბილურობა და რყევები დიდ ზიანს აყენებდა ბიზნესს და მოქალაქეებს; ეროვნული ბანკი არ მოგვევლინა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტად. ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის განმავლობაშიც იგივე გრძელდება.

ორნიშნა ინფლაცია - შარშან და ორნიშნა ინფლაცია - წელს, ნიშნავს იმას, რომ ჯამურად 20-25%-ით გაიზარდა ფასები ამ ორ წელიწადში და იმ პროდუქტების ფასები, რომელსაც მოსახლეობაზე უდიდესი გავლენა აქვს, ესაა სურსათი და მედიკამენტები, მათზე ფასების ზრდა იქნება კიდევ უფრო მეტი.

შედეგად, მივექანებით სიღარიბისკენ, რისი მთავარი არქიტექტორებიც მთავრობის ფისკალური და სებ-ის მონეტარული პოლიტიკაა.

რატომ არის ინფლაცია ჩვენთან 14% და სომხეთში 7%? სომხეთში ნავთობს არ მოიხმარენ თუ პურს არ ჭამენ? ყველაფერმა რაც სომხეთში შედის, ჩვენი ტერიტორია უნდა გაიაროს და გზის ხარჯები დაემატოს. როგორც ჩანს, იქ უკეთესი მონეტარული პოლიტიკაა, ვიდრე - ჩვენთან. ინფლაციის მთავარი წყარო არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეცდომები, თუმცა საგარეო ფაქტორებიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

2022 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 12.8% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონე 7%-მდე უნდა შემცირდეს.

2022 წლის 3 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამ დღეს გაირკვევა გაზრდის თუ არა სებ-ი 11%-მდე მომატებულ რეფინანსირების განაკვეთს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები