მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, მერძევეობის ინდუსტრიული ფერმების ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ მათი სუბსიდირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
ბენიაიძემ განმარტა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტისა და მისი გაძვირების გამო დახლზე ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტი გაძვირდა. აქედან გამომდინარე ადგილობრივ წარმოებებს რეალიზაცია უმცირდებათ და ფერმებს აჩერებენ. მაგალითად მან თავისი ფერმა მოიყვანა, სადაც რძის წარმოების პროცესი 5-დან 1.5 ტონამდე შემცირდა. შედეგად, დღეს საკუთარი წარმოების ნედლი რძით მხოლოდ „შირაქის“ საწარმოს ამარაგებს, მაშინ როდესაც გასული წლის ზაფხულამდე ნედლ რძეს სხვა წარმოებებსაც აწვდიდა. ფერმერი ამბობს, რომ ყოველივე ამის შედეგად ადგილობრივ ნაწარმს დახლზე იმპორტირებული და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტი ცვლის, რაც მერძევეობის ადგილობრივ ინდუსტრიას კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აყენებს.
„ნედლი რძის თვითღირებულების გაზრდა მერძევეების მთავარი პრობლემა იყო. ამასთან ქვეყანაში ნედლი რძე დეფიციტურია და აუცილებელია, რომ მისი წარმოების მოცულობის გაზრდისთვის საჭირო ნაბიჯები გადავდგათ. ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს, რომელსაც არ და ვერ ვიყენებთ და ეს ყველაზე ცუდია. დღეს საქართველოში სულ თითზე დასათვლელი ინდუსტრიული ფერმა მოქმედებს, სადაც პირველი ხარისხის ნედლი რძე იწარმოება. მინიმუმ 200 მლნ დოლარის ღირებულების რძის ფხვნილი რომ შემოდიოდა ქვეყანაში, ეს თანხა რომ ფერმებში ჩატრიალდეს, არსებული წარმოების სიმძლავრეებიც გაიზრდება და ახალი ფერმებიც გაჩნდება. ეს კი ინდუსტრიული ნედლი რძის დეფიციტს შეავსებს და მომხმარებელი ხარისხიან პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.
დიდი ხანია ვსაუბრობთ ინდუსტრიული ფერმების ხელშეწყობაზე სახელმწიფოს მხრიდან. გარკვეული რაოდენობის რძე უნდა დასუბსიდირდეს. როგორც მევენახეებს დაეხმარა სახელმწიფო, ასე უნდა დაეხმაროს ინდუსტრიულ ფერმებსაც. ერთ ფერმაზე გარკვეული რაოდენობის ინდუსტრიული რძე უნდა დასუბსიდირდეს, რათა სახელმწიფოც მოგებული დარჩეს, მომხმარებელიც და რძის ხარისხიც გაუმჯობესდეს.
ჩვენი შეთავაზება იყო, რომ 3 წლის მანძილზე სახელმწიფოს ინდუსტრიული ფერმები დღგ-სგან გაეთავისუფლებინა, რაც წლიურად დაახლოებით 9 მლნ ლარია. სახელმწიფო პირდაპირ უნდა დაეხმაროს ფერმერებს და 1 ლიტრი რძე 20 თეთრით უნდა დაუსუბსიდიროს, რათა დარგი წაახალისოს, წარმადობა გააზრდევინოს და მომხმარებელმაც პროდუქტი მისაღებ ფასად შეიძინონ. იმ შემთხვევაში თუ ხელშეწყობა გვექნება, 3 წელიწადში დარგში არსებული მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ნედლი რძის დეფიციტი ქვეყანაში შეივსება“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისი ინფორმაციით, ნოემბრის შემდეგ შეგროვებული რძის ღირებულება საშუალოდ 1.65 ლარამდე გაიზარდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. შესაბამისად მწარმოებლებს და მათ შორის „შირაქსაც“ პროდუქტის გაძვირება 10%-მდე მოუწია. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სეზონზე ნედლი რძის ფასის დასტაბილურების შემთხვევაში დახლზე რძის პროდუქტებზე ფასიც დაიწევს, თუმცა მცირედით, რადგან მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესები - საწვავის და საკვების გაძვირება, ასევე ქვეყნის შიგნით წარმოებებისთვის გაზრდილი კომუნალური ხარჯები საბოლოო პროდუქტის ფასწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს.