ახალციხეში 27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. როგორც ექთნის მკურნალი ექიმები ამბობენ, ახალგაზრდა გოგოს ანაფილაქსიური რეაქციის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება გაუწიეს, მაგრამ - უშედეგოდ; გვიან ღამით მეგი ბაქრაძე დედაქალაქიდან ჩასული რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს. ის მეორე დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად, რაიონში რეანიმობილის არარსებობას და თბილისიდან მისი დაგვიანებით ჩასვლას ასახელებენ. თემაზე განმარტება გააკეთა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ექთანი შოკურ მდგომარეობაში იყო, რეანიმობილს ახალციხიდან თბილისში პაციენტი გადაჰყავდა, ამიტომაც მეგი ბაქრაძისთვის რეანიმობილი თბილისიდან გამოიძახეს. მინისტრი აღნიშნულს სისტემის ხარვეზად არ აფასებს და ამბობს, რომ ყველა რეგიონზე გადანაწილებულია გარკვეული რაოდენობის რეანიმობილი, რომლებიც შესაბამისი ანალიზით განისაზღვრება.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეანიმობილები, ძირითადად, სულ მოძრაობაში არიან და ეს სისტემურ ხარვეზზე არ მიუთითებს. ბოლო 2 წელიწადში მუდმივად ვაახლებთ იმ პარკს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგიონებში კლინიკების ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი და არა რეანიმობილის რაოდენობის ზრდა. მისივე შეფასებით, აუცილებელია, რეგულირების სააგენტომ უფრო მკაცრად აღრიცხოს კლინიკებში არსებული დანადგარები, აღჭურვილობა და მედპერსონალი.
„აქცენტი უნდა გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანიმობილების რაოდენობრივ ზრდაზე. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომელზეც ის მუშაობს, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი და მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანიმობილებით ტრანსპორტირება“, - თქვა მან და დასძინა, რომ რეგიონებში სტაციონარული სექტორი უნდა გაძლიერდეს.




























