მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს”

628ca4209f2f2
BM.GE
24.05.22 13:21
653
საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე არაერთი გავლენიანი ანალიტიკური კომპანიების რეიტინგები მოწმობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სექტორია საქართველოში, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Premium Listing-შია წარმოდგენილი. საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და პოლიტიკური და საინვესტიციო კლიმატის პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად.

“დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს. დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია და „სიტიბანკის“ დელეგაცია საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში მიიწვია.

“სიტიბანკი” უმსხვილესი ამერიკული ბანკია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები