„ფასების რეგულაციამ გამოიწვია პრობლემა, რომელსაც სჭირდება ახალი რეგულაცია, რომელიც უფრო დიდ პრობლემას გამოიწვევს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი რეგულაცია დასჭირდება“, - მთავრობის მიერ მედიკამენტების ფასების რეგულირების კანონზე გადაცემა BMG Drive-ში ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს.
„მთავრობა მოსახლეობისათვის ინსტრუმენტია, რომელმაც რაღაც საშიშროებისგან უნდა დაგიცვას. როგორც კი რაიმე საფრთხე ჩნდება, მთავრობის რეიტინგი და მისადმი ნდობაც იზრდება. ამიტომ, მგონია, რომ საზოგადოებრივი პრობლემები ბუნებრივად ახალისებს მთავრობს, ამ გამოწვევებზე მარტივი გადაწყვეტები მოიგონონ.
ამიტომ, როდესაც ფასები მაღალია და ხალხი უკმაყოფილო, იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ადამიანებს უკეთესს გარემოში ჰქონდეთ შემოსავლის ქონის საშუალება, არამედ გამოდიან და ამბობენ, რომ ბიზნესი არის ხარბი და ფასების დაწესების შესაძლებლობას უზღუდავენ. აქ ერთი პრობლემა ისაა, რომ კერძო საკუთრების ფასეულობებში ერევი და ადამიანს პირდაპირ ძარცვავ და მეორეც, გგონია, რომ ამ რეგულაციებს შეუძლია რაიმე შედეგი გამოიღოს, გარდა უარყოფითისა“, - ამბობს მეგრელიშვილი.
პარლამენტარის თქმით, ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების კონტროლი ქვეყანაში რეგულაციების ჩაკეტილ წრეს ქმნის, რომელსაც დიდ პრობლემებამდე მივყავართ.
„მთავრობის პოპულიზმი ქვეყანაში პოლიტიკური კონტროლის არარსებობითაა წახალისებული. უამრავი კითხვა ისმება კომიტეტებზე, რომლებზეც პასუხებსაც კი არ გვცემენ და ეკონომიკურ საკითხებზე მედიაში დებატები საერთოდ არ არსებობს. ვისთან შეიძლება განვიხილო მე, თუ რა შედეგებს გამოიწვევს ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლი. ხომ უნდა გესმოდეს, რომ თუ მედიკამენტებზე ფასების რეგულაციას დაიწყებ, საბოლოოდ ფასების რეგულაციამდე მიხვალ. რეგულაციების კასკადით ლამის ნაციოლანიზაციამდე, ადამიანებისათვის საკუთრების წართმევამდე მივალთ“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
კითხვაზე, რა გამოცდილება აქვს საქართველოს მედიკამენტებზე ფასების კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით, მეგრელიშვილი განმარტავს, რომ 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ევროპული ბაზრის აღიარებამ და იმპორტის ლეგალიზებამ მედიკამენტების ფასი 25-30%-ით შეამცირა.
„საქართველოში მედიკამენტების ფასი საზოგადოების ინტერესის თემა ყოველთვის იყო. 2009 წელს გვქონდა ასეთი საკითხი, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ზუსტად იგივე, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს - ფასების რეგულაცია. მაგრამ მაშინ კახა ბენდუქიძემ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დარწმუნება, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია უფრო ეფექტური იქნებოდა. იმის გამო, რომ ამ სფეროში ვმუშაობდი, ეს წინადადება კანონპროექტის სახით უკვე მზად მქონდა.
ცვლილება იყო ის, რომ საქართველომ მედიკამენტების ეროვნული ბაზარი აღიარა, ანუ მოხდა ევროპიდან იმპორტის ლეგალიზაცია. 2010-11 წლებში წამლებზე ფასები 25-30%-ით შემცირდა. ჩვენ ამ გზაზე უნდა გაგვეგრძელებინა სვლა, მაგრამ ეს პოლიტიკა შემოვატრიალეთ და ფასების კონტროლამდე მივედით“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.